საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურა: მზადდება ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადიციის დოკუმენტაცია

justice.gov.ge

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურამ 2013 წლის 1 ივლისს, დავით ჩხიტუნიძეს (შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, შემდგომში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე) წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

"საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დავით მურთაზის ძე ჩხიტუნიძის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით 2013 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა საერთშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე და საქართველოში ექსტრადიციის მიზნით 2013 წლის 13 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქ. ათენის აეროპორტში 14 სთ-სა და 30 წთ-ზე (ადგილობრივი დროით) დაკავებულ იქნა დ. ჩხიტუნიძე, რომელიც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას ქ. სტამბულის მიმართულებით. დღეს, 14 აგვისტოს ათენის სასამართლომ დ. ჩხიტუნიძეს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც "ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება საბერძნეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ბრალდებულის ადვოკატი, ვახტანგ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ჩხიტუნიძე საბერძნეთში არა შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე, არამედ ვადაგადაცილებული დიპლომატიური პასპორტის გამო დააკავეს.

"დავით ჩხიტუნიძე საბერძნეთის პოლიციამ იმიტომ დააკავა, რომ მას ძველი დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა. მას თბილისში უნდოდა წამოსვლა გამოძიებისათვის ჩვენებების მიცემის მიზნით. იგი ვადაგადაცილებული პასპორტის გამო, ერთი თვით დააპატიმრეს, ერთი თვის შემდეგ ან გადმოგვცემენ, ან არა. იგი კიევში დიპლომატიურ სამსახურში იყო და ალბათ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასპორტის მოქმედება გააუქმა", - განაცხადა ვახტანგ თალაკვაძემ. 

 

კომენტარები