შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების განადგურება გადადო

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები დღეს არ განადგურდება, რადგან ამ საკითხზე მომუშავე კომისიის ზოგიერთი წევრი საქართველოში არ იმყოფება. პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო, თუმცა მინისტრი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება არ შეცვლილა. აქამდე, უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების განადგურების ბოლო ვადად 15 აგვისტო სახელდებოდა.

"შეთანხმებისამებრ, მასალები დღეს უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ვინაიდან კომისიის ყველა წევრი არ იმყოფება საქართველოში, ალბათ რამდენიმე დღით გადაიდება განადგურება. პროცედურა დაწყებულია, ჩვენ ყველა საჭირო პროცედურა გავიარეთ. ჩვენ მზად ვართ, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები აუცილებლად განადგურდება უახლოეს დღეებში, როგორც კი კომისიის ყველა წევრი იქნება საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები