საქსტატის მონაცემები

საქსტატი: უცხოური ინვესტიციები 2012 წელს 18.3%-ით შემცირდა

სტატისტიკის დეპარტამენტმა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, უცხოური ინვესტიციები 2012 წელს წინა წელთან შედარებით18.3%-ით შემცირდა და 912 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

ეს ცისფრები დაზუსტებულია და საქსტატის მიერ მარტში გამოქვეყნებულ მონაცემებს აღემატება. შეგახსენებთ, რომ მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 865.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

დეპარტამენტის ცნობით, უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წლის პირველ კვარტალში 261 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე კვარტალში - 218 მლნ აშშ დოლარი, მესამე კვარტალში კი - 199 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ინვესტიციები 2012 წლის ბოლო სამ თვეში 234 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 

ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკაში ჩაიდო და 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ენერგეტიკას დამამუშავებელი მრეწველობა მოჰყვება - 167.9 მლნ აშშ დოლარით, მესამე საფინანსო სექტორია - 162.6 მლნ აშშ დოლარიანი უცხოური ინვესტიციებით. საქსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებში მოხვდა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 72.8 მლნ აშშ დოლარით, მშენებლობა - 41.8 მლნ აშშ დოლარით, უძრავი ქონება - 40.1 მლნ აშშ დოლარით, სასტუმროები და რესტორნები - 17.7 მლნ აშშ დოლარით; ჯანდაცვა - 17.6 მლნ აშშ დოლარით, სოფლის მეურნეობა - 16.1 მლნ აშშ დოლარით და სამთომოპოვებითი მრეწველობა - 4.9 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტიციებით. 

საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 2012 წელს გერმანიიდან შემოვიდა - 138.8 მლნ აშშ დოლარი, შემდეგ გაერთიანებული სამეფო მოდის - 93.6 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი - 81.1 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 59 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი - 42 მლნ აშშ დოლარი; საუდის არაბეთი - 39.5 მლნ აშშ დოლარი; კვიპროსი - 38.7 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი - 36.1 მლნ აშშ დოლარი და ნიდერლანდები - 35.4 მლნ აშშ დოლარი.

 

კომენტარები