არჩევნები თსუ-ში

თსუ-სთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 20-მდე სტუდენტი აქციას მართავს. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი თავისუფალი უნდა იყოს. 

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას, სტუდენტები აცხადებენ, რომ აკადემიური საბჭოს 12 წევრის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან საუნივერსიტეტო საზოგადოება 23 000 ადამიანს მოითვლის. 

"უპირველესად, კითხვის ქვეშ ვაყენებთ აკადემიური საბჭოს ლეგიტიმაციის საკითხს, რადგან 23 000-იან საუნივერსიტეტო საზოგადოებას 12 კაცი ვერ წარმოადგენს, ეს არის არარეპრეზენტაბელური. საყოველთაოდ ლეგიტიმირებული ისინი ვერ იქნებიან, ისინი ანგარიშვალდებულები არიან ჩვენი, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე და ისინი არ უნდა იყვნენ პარტიული გავლენის ქვეშ მოქცეული", - განაცხადა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს ირჩევენ. არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან 13 - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე - მიიღებს მონაწილეობას. მარინე ჩიტაშვილმა კომისიას კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა.

კომენტარები