ეგვიპტე

მუსლიმთა საძმო

ნინი გოგიბერიძე
0 კომენტარი

სახალხო ფავორიტობიდან მიუღებელ ძალამდე

წელიწადი და რამდენიმე დღე გაძლო მუსლიმთა საძმომ ეგვიპტის ხელისუფლებაში. მოხდა ისე, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოძრაობა, რომელსაც 1928 წლიდან პოლიტიკური ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, სახალხო ფავორიტობიდან, მიუღებელ ძალად იქცა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე, პეტიციას პრეზიდენტ მორსის გადადგომის მოთხოვნით 17 მილიონზე მეტმა ეგვიპტელმა მოაწერა ხელი. ტაჰრირის მოედანი კი რეკორდული რაოდენობის ანტისამთავრობო დემონსტრანტებით აივსო.

სახალხო მობილიზაციამ და სამხედროების ინტერვენციამ ეგვიპტეში ძალთა ბალანსი კიდევ ერთხელ შეცვალა. 3 ივლისს, ქვეყნის სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, ქვეყნის კონსტიტუცია შეჩერებულად გამოაცხადა. მორსი და მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური ელიტა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

მოედანი პრეზიდენტის სასახლის წინ. კაირო ფოტო: Reuters
ანალიტიკოსები ეგვიპტის მოვლენების კომენტირებისას პარალელს, პირველ ყოვლისა, ალჟირთან ავლებენ, სადაც ავტოკრატიის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ხელისუფლებაში, ეგვიპტის მსგავსად, ისლამისტური ძალები მოვიდნენ. ეს მოხდა 1991 წელს, როდესაც ალჟირში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1962) პირველი მულტიპარტიული არჩევნები ჩატარდა. ისლამისტებმა პირველი ტური დამაჯერებლად მოიგეს, თუმცა არმიამ არჩევნების შედეგები უბრალოდ გააუქმა. სამხედრო გადატრიალებამ ქვეყნის ისლამისტების რადიკალიზება და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი გამოიწვია, რომელშიც ასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ალჟირისგან განსხვავებით, ეგვიპტეში არჩევნები შედგა. მორსი ერთი წელის მანძილზე მართავდა ქვეყანას, თუმცა ვერაფერი შეცვალა. 2013 წლის დასაწყისში უმუშევართა რაოდენობა ეგვიპტეში 3.5 მილიონამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 13.2%-ს წარმოადგენს. სურსათის ფასმა, 2012 წელთან შედარებით, 8.9%-ით მოიმატა. საწვავის დეფიციტმა უკიდურესად გაზარდა მისი ფასი.

ლექტროენერგიაზე შეზღუდვები დაწესდა. მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება.

ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდა კრიმინოგენური ვითარებაც. უილსონის ცენტრის თანახმად, დანაშაულის საერთო მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგდა. კატასტროფულად იმატა ცალკეული ტიპის დანაშაულებმა. ასე მაგალითად, თუ 2010 წელს ეგვიპტეში შეიარაღებული ყაჩაღობის მხოლოდ 233 შემთხვევა გამოვლინდა, 2012 წელს აღნიშნული მონაცემი ათჯერ გაიზარდა (2807 შემთხვევა).

0%-ით მოიმატა ბინების ძარცვამ, მანქანების ქურდობამ კი 21 ათას შემთხვევას გადააჭარბა (2010 წელს – 4973 შემთხვევა).

ეგვიპტის მოქმედი პრეზიდენტი ადლი მანსური ფოტო: Reuters
აქ მოყვანილმა ფაქტებმა შეუწყო იმედგაცრუებისა და უკმაყოფილების გაღვივებას ეგვიპტის მოსახლეობაში. არმიამ ამ მუხტით ისარგებლა და მორსი დაითხოვა.

ანალოგიებს თუ მივყვებით, ეგვიპტის მსგავსად, თურქეთშიც, ბოლო 50 წლის განმავლობაში, სამხედროებმა არჩეული მთავრობა 4-ჯერ გადააყენეს. თურქული რესპუბლიკის ისტორიაში, პოლიტიკა და ჯარი ერთმანეთისგან გამიჯნული არ ყოფილა. რეალურ ძალაუფლებას ქვეყანაში სამხედროები ფლობდნენ. მაგრამ, ეგვიპტისგან განსხვავებით, იქ მეტ-ნაკლებად თავისუფალ გარემოში, პერიოდულად იმართებოდა არჩევნები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იმარჯვებდა. თუმცა, როდესაც პოლიტიკური პროცესები ე.წ. ღრმა სახელმწიფოს პრინციპებს უქმნიდა საფრთხეს, საქმეში ყოველთვის თურქული არმია ერეოდა. ისინი ძალაუფლებას საკუთარ ხელში იღებდნენ, ხოლო შემდეგ ისევ პოლიტიკოსებს უბრუნებდნენ. ბოლო ასეთი შემთხვევა 1997 წელს მოხდა, როდესაც გენერლებმა ისლამისტ პრემიერმინისტრ ნეჩმეთინ ერბაქანს თანამდებობა დაატოვებინეს.

სავარაუდოდ, სამხედრო ძალებს თურქეთის სცენარის გამეორება სურთ ეგვიპტეში. მაგრამ, ჩანს, მათ ისტორიის გაკვეთილები არ ისწავლეს. რეალურად, სამხედრო გადატრიალებები ძალიან იშვიათად მთავრდება რაიმე პოზიტიური შედეგით. როგორც წესი, ის, ვინც არმიამ დაამხო, ადრე თუ გვიან, მაინც ბრუნდება ხელისუფლებაში. თურქეთის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ერბაქანის გადაყენების შემდეგ, რეორგანიზებული ისლამისტები 2002 წელს ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) სახით დაბრუნდნენ. იგივე მოხდა ცოტა ხნის წინ პაკისტანშიც, სადაც არჩევნებზე 1999 წელს სამხედროების მიერ დამხობილმა ნავაზ შარიფმა და მისმა მუსლიმთა ლიგამ გაიმარჯვა.

თურქეთის მოქმედი პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერია, პრეზიდენტ მორსისგან განსხვავებით, ფაბიანური სტრატეგიით დაუპირისპირდა სამხედრო ელიტას. ამ მიდგომის ფარგლებში, მკვეთრი მოქმედებების გარეშე, მცირემასშტაბიანი, მაგრამ სისტემატური დარტყმებით ოპონენტის – სამხედრო ისტებლიშმენტის – გამოფიტვა და ნაბიჯ-ნაბიჯ ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება.

დაპირისპირება მუჰამედ მორსისა და სამხედროების მომხრეებს შორის გრძელდება ფოტო: Reuters
პრეზიდენტი მორსი ძალაუფლების ერთბაშად ხელში ჩაგდებას შეეცადა. მუსლიმთა საძმომ ყველა წამყვანი ინსტიტუტი თავისი კადრით დააკომპლექტა; იერიში მიიტანა სასამართლოზე, მედიაზე. ქვეყანაში უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გავრცელდა. გახშირდა თავდასხმები კოპტ ქრისტიანებზე. რადიკალი მუსლიმები მათ სოფლებს არბევდნენ და ეკლესიებს წვავდნენ. პირველად ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, ოთხი ეგვიპტელი შიიტი ლინჩის წესით გაასამართლეს. პრეზიდენტმა მორსიმ ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძანებით ქვეყნის 17 პროვინციაში მუსლიმთა საძმოს ერთგული კადრები გუბერნატორებად დანიშნა, მათ შორის ერთ-ერთი, ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ჯამაა ალ-ისლამიას წევრი იყო.

საბოლო ჯამში, უნდა ითქვას, რომ მუსლიმთა საძმო მზად არ აღმოჩნდა, ძალაუფლება „სხვებისთვის" გაეყო. ეს გარკვეულწილად ორგანიზაციის ისტორიამაც განაპირობა. საძმო 80-წლიანი არსებობის განმავლობაში იატაკქვეშეთში მოღვაწეობდა და შეთქმულების თეორიებით საზრდოობდა, რომ ერთგული წევრების გარდა სანდო არავინაა. როდესაც პარტიას შანსი მიეცა და ხელისუფლებაში მოვიდა, ძალაუფლების სწრაფი კონსოლიდაცია სცადა. თუმცა ამგვარი ქმედებებით საძმომ ეგვიპტურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე მოქმედი ყველაზე ძლიერი ძალა – სამხედრო ელიტა – დააფრთხო.

საქმე ისაა, რომ ე.წ. ღრმა სახელმწიფოს მმართველობა – სამხედროების, უსაფრთხოების ძალებისა და ბიუროკრატიის ძალაუფლება – ეგვიპტეში 1952 წლიდან გრძელდება, როდესაც მუჰამად ალის დინასტია დაემხო. მას შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტები (მუჰამად ნაგიბი, გამალ აბდელ ნასერი, ანვარ სადათი და ჰოსნი მუბარაქი) სამხედრო პირები იყვნენ. ეგვიპტის მოსახლეობა სამხედრო ელიტას, როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის არბიტრს, უარყოფითად არ უყურებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეგვიპტის სამხედრო ელიტა სამხედრო გამარჯვებების ნაცვლად, ბიზნესინტერესებით უფროა გამორჩეული. ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭება კი მათივე კეთილდღეობის დაცვით უნდა იყოს ნაკარნახევი.

რეალურად, ეგვიპტის მთელი ეკონომიკა სამხედროების ხელშია. ერთი მხრივ, ეს განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი ნაციონალიზებულია (რაც თავის დროზე ანტიკოლონიალიზმის ტალღაზე მოხდა). სახელმწიფოს ხელში აღმოჩენილმა დოვლათმა ზღვარგადასულ კორუფციას შეუწყო ხელი და ამით, პირველ რიგში, ძლიერმა არმიამ იხეირა. მეორე მხრივ, ეგვიპტეში იმდენად რეგულირებულია კერძო სექტორი, რომ დამოუკიდებელი პირისთვის ბიზნესის კეთება თითქმის წარმოუდგენელია. ასე მაგალითად, კაიროში პატარა საცხობის გახსნას 29 სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ნებართვა და დაახლოებით 500 დღეზე მეტი სჭირდება. ტექნიკურად კანონი ყველას თანაბრად ეხება. თუმცა, სამხედრო ელიტისთვის და მასთან დაახლოებული წრეებისთვის, ცხადია, განსხვავებული წესები მოქმედებს.

ფოტო: Reuters
ეგვიპტეში რეალურ უკმაყოფილებას იწვევს არა პოლიტიკური თავისუფლებების უქონლობა, არამედ ეკონომიკური პერსპექტივების არარსებობა. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, მოახერხებდა თუ არა მუსლიმური საძმო და პრეზიდენტი მორსი, ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ყოველ შემთხვევაში, მმართველობის ერთი წლის განმავლობაში, მათ ამის საწინააღმდეგო არაფერი უთქვამთ, მაგრამ არც რამე გაუკეთებიათ. პრობლემა იყო ის, რომ დაძაბული პოლიტიკური ატმოსფეროსა და ეკონომიკური კრიზისის გამო, ხელისუფლება ვერ აძლევდა თავს უფლებას, არ ყოფილიყო პოპულისტი.
მუბარაქის დამხობის შემდეგ, ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა საბიუჯეტო შემოსავლები, ხარჯი კი გაიზარდა. წინამორბედის ბედის გაზიარების შიშით, მორსის მთავრობა იძულებული გახდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მილიონობით ადამიანისთვის ხელფასი გაეზარდა. ამას ემატება სურსათზე და საწვავზე გაცემული სუბსიდიები, რაც, საერთო ჯამში, წელიწადში 20 მილიარდზე მეტი უჯდება ბიუჯეტს.

დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ სუბსიდირების გაუქმებით გამოწვეული შოკური თერაპია, როგორც წესი, მოქმედ მთავრობებს არ აკარგვინებს შანსს, ხელახლა მოიგონ არჩევნები. მედგარ წინააღმდეგობას ხელისუფლებას არა ფართო ფენები, არამედ ორგანიზებული ინტერესები უწევენ, ვინაიდან მათ დასაკარგი ბევრად მეტი აქვთ. ეგვიპტის შემთხვევაში ასეთი ორგანიზებული ინტერესი არმიაა.

სამხედროებთან დაპირისპირება და ეკონომიკური რეფორმების გატარება მუსლიმთა საძმომ ვერ შეძლო. ნაკლებსავარაუდოა ისიც, რომ ეგვიპტეში უახლოეს პერიოდში პინოჩეტი გამოჩნდეს. ჩილეში სამხედრო დიქტატურის დამყარების შემდეგ, პინოჩეტს არ ჰქონდა სამხედროების ბიზნესინტერესების დაცვის ამოცანა, ამან „ჩიკაგოს ბიჭებს" ყოვლისმომცველი ლიბერალური რეფორმების გატარების საშუალება მისცა. ეგვიპტელი სამხედროებისათვის კი ეკონომიკის ლიბერალიზაცია საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ლიბერალური განწყობები ეგვიპტეში ძლიერი არ არის. წლების განმავლობაში პოლიტიკურ ასპარეზზე ძლიერ მოთამაშედ მოიაზრება მუსლიმთა საძმო – შედარებით ზომიერი ისლამისტური დაჯგუფება, ფართოდ გაშლილი პარტიული ინფრასტრუქტურით. სიძლიერით მეორე ადგილზე ულტრაორთოდოქსული იდეოლოგიის გამტარებელი პარტია ალ-ნურია. მათი ძირითადი მხარდამჭერები ეგვიპტის გაუნათლებელი მოსახლეობა და რადიკალი მუსლიმები (სალაფიტები) არიან.

ფოტო: Reuters
egყველაზე სუსტ ძალას ეგვიპტეში დაქსაქსული სეკულარული პარტიები წარმოადგენენ. მათი უმეტესობა სოციალისტურ პლატფორმაზე დგას. მორსის პრეზიდენტობის პერიოდში, აღნიშნული სეკულარული პარტიები ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაგრამ, სამხედრო გადატრიალებამ მათ წისქვილზე დაასხა წყალი – არმიის მიერ ხელდასმულმა დროებითმა პრეზიდენტმა, უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ადლი მანსურმა, ვიცეპრეზიდენტად ნობელის პრემიის ლაურეატი, გაეროს ყოფილი დიპლომატი მოჰამედ ალ-ბარადეი დაასახელა, ხოლო დროებითი მთავრობა ლიბერალებით და მემარცხენეებით დააკომპლექტა.

წესით, დასავლელი ლიდერებისთვის ვერავის უნდა დაესწრო ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალების დაგმობა. მაგრამ მოვლენები უცნაურად განვითარდა. სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ობამას თავშეკავებულმა მოქმედებამ კონსპიროლოგიისაკენ მიდრეკილ არაბულ საზოგადოებრივ აზრში გააჩინა შეხედულება, რომ მორსის დამხობისას ეგვიპტელი სამხედროები თეთრი სახლის სანქციით მოქმედებდნენ. ობამას მიმართ დიდი ნდობა არც სეკულარულ ძალებს აქვთ, ვინაიდან ვაშინგტონი იქამდე არც მუსლიმთა საძმოს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ისტორიულად, ამერიკა ხელს უწყობდა ხოლმე მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას, მაგრამ ამ საქმეში ყოველთვის თანმიმდევრული არ ყოფილა. იყო შემთხვევები, როცა შეერთებული შტატები მხარს უჭერდა მეგობრულ დიქტატურებს, თვალს ხუჭავდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობების დამხობაზე, ზოგჯერ კი გარკვეულწილად ახალისებდა კიდეც სამხედრო გადატრიალებებს. თავისი პრეზიდენტობა ობამამ ასეთი პოლიტიკის გამო მობოდიშებით დაიწყო. ბედის ირონია იქნება, თუკი თეთრი სახლის რომელიმე მომავალ ბინადარს ეგვიპტელი ხალხის წინაშე ობამას შეცდომებისათვის ბოდიშის მოხდა მოუწევს.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები