საქართველოს ეკონომიკა

ნაციონალური მოძრაობა VS ეკონომიკის სამინისტრო - პასუხის პასუხი

აგვისტოს დასაწყისში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ - Standard and Poor’s - ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 3.5% იქნება, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი გაიზრდება. სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ორი მთავარი მიზეზი აქვს - ეკონომიკური და პოლიტიკური. ეს მიზეზები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში მთავრობა დემოკრატიული გზით შეიცვალა, თუმცა არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბული ვითარებაა. ასევე აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრთა დაპატიმრებამ, ნაციონალური მოძრაობის მიტინგები გამოიწვია. ამ ყველაფერმა კონფრონტაციული გარემო შექმნა. Standard & Poor’s-ის შეფასებით კი, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის ძლიერი კავშირია. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მთავარი მიზეზი კი ის გაურკვევლობაა, რაც ინვესტორებს მთავრობის პოლიტიკის მიმართ გააჩნიათ.

Standard & Poor’s-ის შეფასებით, მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს ეკონომიკის განვითარების კონკრეტული გეგმა. ამის მაგალითებად კი, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და საინვესტიციო ფონდების შექმნის ინიციატივა მოჰყავს.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესთავაზა, რისთვისაც ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრის თაობაზე წინადადებით მიმართა.

დავით ბაქრაძის წინადადებები სამი მიმართულებისგან შედგებოდა - პოლიტიკური, ეკონომიკური და საგადასახადო.

პოლიტიკური მიმართულების მიხედვით, უნდა მიეღოთ ეროვნული თანხმობის აქტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარდამავალ პერიოდში არსებულ პრობლემებს დაარეგულირებდა.

ეკონომიკური მიმართულება ბიზნესისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადებას მოიცავდა, კორუფციული გარიგებების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივად დაისჯებოდა არა ბიზნესი, არამედ მხოლოდ საჯარო მოხელე. მთავრობის მხრიდან ახალი რეგულაციების შემოღებაზე მკაცრი ეკონომიკური ფილტრი დაწესდებოდა. ასევე, აიკრძალებოდა სასამართლოს ნებართვის გარეშე საწარმოს არაგეგმიური შემოწმება. ეკონომიკური ტიპის დანაშაულის ჩადენისას წინასწარი პატიმრობა აიკრძალებოდა და  მხოლოდ გირაო დაწესდებოდა. საწარმოებისთვის გადასახადების წინასწარი გადახდის იძულება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდებოდა. ასევე გაგრძელდებოდა გადასახადების შემცირება.

საგადასახადო მიმართულებაში კი აღნიშნულია, რომ მცირე ბიზნესისთვის სასაქონლო ზედნადებები უნდა გაუქმებულიყო, გადახდილ გადასახადზე 10%-ზე ნაკლები ცდომილების შემთხვევაში, ცდომილება დასჯისა და ადმინისტრაციული იძულების მექანიზმების გარეშე უნდა გამოსწორებულიყო.

გიორგი კვირიკაშვილმა შესახვედრად მზადყოფნა განაცხადა. თუმცა, რამდენიმე დღეში გადაიფიქრა და მიზეზად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის, განცხადება დაასახელა, სადაც იგი ამბობდა, რომ კვირიკაშვილმა შეხვედრისთვის მზაობა მხოლოდ სიტყვიერად გამოთქვა. "როგორც ჩანს, მინისტრს ეკონომიკასა და უმუშევრობის დაძლევაზე სასაუბროდ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გამოუჩნდა", - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის აპირებდა ნაციონალებთან შეხვედრას, თუმცა აცნობიერებდა, რომ დადებითი შედეგი არ იქნებოდა.

"დავით ბაქრაძე იყო ლიდერი იმ ძალისა, რომელიც გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე ქმნიდა ეკონომიკის ზრდის არარეალურ ილუზიას და ახლა გაუჩნდათ სურვილი, რომ გვასწავლონ, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა განვითარდეს ქვეყანა იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ უმძიმეს მემკვიდრეობას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყანაში რეალური თავისუფალი ბიზნესის განვითარებას. მე მაინც ჩავთვალე, რომ ვინაიდან ვარ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა მეთქვა ამ შეხვედრაზე. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რეალურად ვაცნობიერებდი, რომ ამ შეხვედრის დადებითი შედეგის ალბათობა ნულის ტოლფასი იყო. ვაშაძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ეს შეხვედრა განიხილებოდა მხოლოდ, როგორც წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და არა რეალური სურვილი დიალოგისა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვაუქმებ დათქმულ შეხვედრას და მთელს პასუხისმგებლობას აღნიშნულის თაობაზე ვაკისრებ დავით ბაქრაძეს და ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება. კვირიკაშვილის სიტყვებს, რომ ეკონომიკური წარმატება იყო ილუზორული და მიღწეული იყო ქვეყნის საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე, პარტია 20-პუნქტიან ჩამონათვალს უპირისპირებს, "თუ რას მივაღწიეთ ყველამ ერთად ვარდების რევოლუციის შემდეგ, რა ჩაიბარა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა ხელისუფლებისგან და რა გადააბარა ქართულ ოცნებას", - წერია წერილში.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, 2009 წლის Forbs-ის კვლევის მიხედვით, საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილს იკავებდა ყატარის, არაბთა გაერთიანებული ემირატებისა და ჰონგკონგის შემდეგ. შემცირდა ლიცენზიების გაცემა, რადგან კორუფციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. 2003-2012 წლებში იმპორტისა და ექსპორტის განხორციელების დროც მნიშვნელოვნად შემცირდა.

წერილში ასევე წერია, რომ 2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 1.2 მილიარდს შეადგენდა, 2013 წლისთვის კი, ნაციონალურმა მოძრაობამ 9 მილიარდი დატოვა. ქვეყნის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც 2003-2011 პერიოდში 1.3-დან 5.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტი კი 3000-დან 6000 აშშ დოლარამდე.

წერილში ასევე წერია, რომ 2013 წლის ბიუჯეტში ნაციონალურ მოძრაობას დეფიციტის 3%-იან ნიშნულზე დაბლა ჩამოწევა ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზის საფუძველზე, წელს ამ მიზნის მიღწევა ალბათ შეუძლებელი იქნება.

ნაციონალური მოძრაობა საგარეო ვალის შესახებაც წერს, რაზეც, მათი თქმით, ქართული ოცნება ხშირად საუბრობს. ის 2003 წელთან შედარებით , 15%-ით შემცირდა. წერს იმასაც,რომ 2011 წელს საქართველოს არსებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვებით შეეძლო 4 თვეზე მეტი იმპორტის განხორციელება.

პარტია სესხების თემასაც ეხება. "2003 წელს ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის სახით მთლიანობაში გაცემული იყო დაახლოებით 730 მილიონი ლარი. 2012 წელს იმავე მაჩვენებელმა თითქმის 9 მილიარდს მიაღწია", - აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობა. ფინანსურმა დეპოზიტებმაც 2003-2012 წლებში 700 მილიონიდან 7.5 მილიარდს მიაღწია.

წარსულ მიღწევებზე საუბრისას ნაციონალური მოძრაობა ასევე ამბობს, რომ 2003 წელს საქართველოს საბანკო სისტემის აქტივები მთლიანობაში შეადგენდა დაახლოებით 1.3 მილიარდ ლარს, 2012 წელს კი, იგივე მაჩვენებელი 14 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. საგარეო ვაჭრობა კი 1.6-დან 10.2 მილიარდამდე.

რაც შეეხება იმპორტსა და ექსპორტს, იმპორტი 2003-2012 წლებში 1.1-დან 7.8 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 0.5-დან 2.4-მდე. პენსია კი 14-დან 150 ლარამდე. ასევე, 2003 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი იყო 125.9 ლარი. 2011 წლისთვის მაჩვენებელი გაიზარდა 636 ლარამდე.

ნაციონალური მოძრაობა ტურიზმსაც ეხება და 2005-2012 წლებს ერთმანეთს ადარებს. ტურისტთა რაოდენობა 0.6-დან 4.4 მილიონამდე გაიზარდა.

2008 წლიდან ელექტროენერგია საქართველოს მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდებოდა. ნაციონალური მოძრაობა ასევე აღნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმდა თურქეთთან, ამ კუთხით მუშაობდნენ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც.

დასასრულს, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ აცხადებს.

"საქართველოს წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, ყოფილმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ახალს. ეს არის ის ფუფუნება, რომელიც არ გააჩნდა ნაციონალურ მოძრაობას 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დროს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას, შევხვდეთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, და/ან საპარლამენტო უმრავლეობას, მათთვის სასურველ ფორმატში, რათა გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღმოჩნდა ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი", - აღნიშნულია წერილში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები