დაკითხვა

პროკურატურამ ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი დაკითხვაზე დაიბარა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები, ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი, მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, წლების განმავლობაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში სისტემატურად, ყოველდღიურად და ჯგუფურად ხდებოდა, როგორც საკნებში, ასევე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა.

"2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ბაჩანა ახალაიაც, დაიკითხება,

 

 

კომენტარები