ახალაიას საქმე

პროკურატურა მამა ნიკოლოზის განცხადებასთან დაკავშირებით, გამოძიებას იწყებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა მამა ნიკოლოზთან (ერისკაცობაში თემურ ტაბაღუა) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა თემურ ტაბაღუას (სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ამჟამად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი) ვიდეოჩანაწერი, სადაც ის საუბრობს პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, თუმცა, ამავე ჩანაწერში იგი არ ასახელებს, თუ რა ფაქტების აღიარებას ითხოვდნენ მისგან ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ და ასევე არ ასახელებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა", - წერია განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ მოკვლევას დაუყოვნებლივ დაიწყებს და შედეგებს გაასაჯაროებს.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ 2006 წელს სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები სასჯელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #10 დაწესებულებაში იხდიდნენ, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში თემურ ტაბაღუა იყო.

"თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები გ.ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნისას მათ საცხოვრებელ ოთახებში იმართებოდა ღრეობები, მსჯავრდებულები იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებათა დასრულებისთანავე ბრალდება ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღეს ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც თემურ ტაბაღუა (მამა ნიკოლოზი) ზეწოლაზე საუბრობს. ტაბაღუას თქმით, გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ მას ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა.

ვიდეოჩანაწერში თემურ ტაბაღუა ამბობს, რომ როდესაც კახა ჭუმბაძის სამუშაო ოთახში შევიდა, იქ სხვა გამომძიებლებიც იყვნენ, დაახლოებით 4 პირი და საუბარი მათ შორის შედგა. მისი თქმით, დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდნარეობდა. 

"ისინი ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. ჩვენება შეეხებოდა ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაურის სასჯელის მოხდის პერიოდს. ისინი ითხოვდნენ ჩემგან არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომ ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. პირდაპირ, მუქარით მითხრეს, რომ თუ არ მოხერხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი თანამშრომლის, 7 პირის, მათ შორის ჩემი დაკავება", - აცხადებს ტაბაღუა. 

ახალაიას ადვოკატებმა მოითხოვეს, დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც სასულიერო პირზე ზეწოლა განახორციელა. 

 

კომენტარები