გაზეთი გურიის მოამბე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გურიის მოამბეს შენობიდან აგდებს

გაზეთ გურიის მოამბის რედაქტორი და გამომცემელი, ვლადიმერ მენაბდე, აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზეთის ორივე ოფისზე უზუფრუქტი გაუუქმა. მენაბდე ოზურგეთის გამგებელს, კოტე შარაშენიძეს, ადანაშაულებს.

”პირდაპირ ქუჩაში გვყრიან. ეს არის ოზურგეთის გამგებლის კოტე შარაშენიძის ზეწოლის შედეგი, რომელიც მისმა მარიონეტმა და ყურმოჭრილმა ყმამ ავთანდილ სურგულაძემ განახორციელა.მინდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება გვებრძვის ყველანაირი მეთოდებით.. რომ ვერ მოხერხდა "გურიის მოამბეს" მოშთობა ფინანსური ბლოკადით, ხელმომწერთა თუ რეკლამისმომცემთა ტერორით, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობენ კოტე შარაშენიძე და ადგილობრივი სპეცსამსახურები... ახლა დაიწყო ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალების განადგურების მეორე ეტაპი.ჩვენ ქუჩაში გვყრიან. ყოველგვარი ჰედლაინების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაგვიუქმა ხელშეკრულება ყოველგვარი წესებისა და კანონების დარღვევით” - აღნიშნავს მენაბდე.

მენაბდის თქმით, მას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეც დაუკავშირდა და უთხრა, რომ დავით ნარმანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კატეგორიულად მოითხოვა ოფისში სტატისტიკის სამსახური შესულიყო და აღწერა ჩაეტარებინა.

”ბატონ დავით ნარმანიას ამოეფარნენ და ასე უნდათ თავისი მიზნების შესრულება... ნარმანიას წერილი ხომ აპრილიდან უდევთ მაგიდაზე და მაშინ როცა 30 ოფისია დაკეტილი, რატომ მაინცადამაინც ჩვენი?” - ამბობს მენაბდე.

ვლადიმერ მენაბდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წერილსაც ავრცელებს, რომელშიც წერია,” გაცნობებთ,რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილი აქვს თქვენს სარგებლობაში არსებულ ფართში,რომელიც მდებარეობს ქ.ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის #3-ში,განათავსოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. გამომდინარე აქედან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს გურიის პრესკლუბს შორის 2012 წლის 12 ივლისს გაფორმებული სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, გაფრთხილებთ სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე” - წერია წერილში.

კომენტარები