სპორტი

„ამერიკელი ღმერთები”

ნიკა ესებუა
0 კომენტარი

ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სხვადასხვა ერის მითიური არსებები და ღმერთები დგანან, მეორე მხარეს კი მედიის, ტექნოლოგიის, ნარკოტიკების ღმერთები არიან. წიგნის – „ამერიკელი ღმერთები" – ავტორი ნილ გეიმანი გვარწმუნებს, რომ ღმერთები არსებობენ იმიტომ, რომ ხალხს მათი არსებობის სჯერა, ისინი ჩვენი რწმენით იკვებებიან. თანამედროვე ადამიანს კი ტექნოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე ოდინის ან ანუბისის არსებობის. სისხლიან ბრძოლაში ძველი ღმერთები ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან ნელ-ნელა მარცხდებიან.

ბეიბი რუთი
წიგნის გამოსვლისას ავტორი გააკრიტიკეს და თავხედი უწოდეს. ნილ გეიმანი ბრიტანელია და, კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, მას არ ჰქონდა უფლება, ამერიკის ღმერთებზე დაეწერა, მით უმეტეს მაშინ, როცა ამერიკის ღვთაებები არა თანამედროვე ტექნოლოგიები, არამედ სპორტია. აშშ-ს უძველესი და უცვლელი ოთხი ღმერთი ჰყავს, ვინც არაერთი ომის და დაპირისპირების მიუხედავად, ძალაუფლება შეინარჩუნა. ისინი დღემდე ამერიკელი ხალხის რწმენით იკვებებიან.

ამერიკის უძველესი ღმერთი ბეისბოლია, რომელმაც აშშ-ში სახლი 1869 წელს ააშენა – ამ დღეს ცინცინატი რედ სთოქინზი, პირველი პროფესიული გუნდი შეიქმნა და დასაბამისი მისცა სპორტს, რომელიც ამერიკის სიმბოლოდ იქცა. ბეისბოლის მეიჯორ ლიგა (MLB) 29 ამერიკულ და ერთ კანადურ გუნდს აერთიანებს. ისინი რეგულარულ სეზონში 162 თამაშს ატარებენ, შემდეგ ომი ფლეი-ოფში გრძელდება, საუკეთესო ორი კი ერთმანეთს ფინალში, მსოფლიო სერიაში უპირისპირდება.

MLB-ის თამაშებზე წელიწადში 75 მილიონი ადამიანი დადის და ეს მაჩვენებელი ნებისმიერი სპორტული ლიგის მაჩვენებელს აღემატება. ბეისბოლს, ისევე როგორც ყველა ღმერთს, შვილები ჰყავს. ბეისბოლის თორი ბეიბი რუთია. მეოცე საუკუნის დასაწყისის ლეგენდა, რომელმაც ბეისბოლის პოპულარიზაციისთვის იმდენი გააკეთა, რამდენიც პელემ და მარადონამ ერთად ფეხბურთისთვის. ბამბინო დიდი დეპრესიის ეპოქის ამერიკაში ნათელი წერტილი იყო, ადამიანი, რომელმაც მარტომ შეცვალა თამაში. ბეისბოლი ბეიბი რუთმა ამერიკის საყვარელ თამაშად აქცია. ის 22 წელი აშენებდა თავის ისტორიას, კარიერის ბოლოს პირველი ნამდვილი სპორტული სუპერვარსკვლავი იყო, რომელიც მილიონობით ადამიანის მისაბაძი მაგალითი გახდა.

ბეისბოლი პირველი ღმერთია, რომელიც ამერიკამ შეიყვარა და შეიძლება ამიტომ, ის ყველაზე „განებივრებულია". ოთხი მთავარი სპორტული ლიგიდან MLB ერთადერთია, სადაც საგადასახადო ჭერი (salary cap), ზედა და ქვედა ზღვარი არ არსებობს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ამერიკული ფეხბურთისა და ნაციონალური ჰოკეის ლიგები საგადასახადო ჭერის შეთანხმების საფუძველზე ხარჯავენ ფულს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ გუნდს გასაზღვრული რაოდენობით თანხის დახარჯვა შეუძლია მოთამაშეების ხელფასებზე. ხშირ შემთხვევაში არსებობს მინიმალური ხელფასის მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა.

ნებისმიერი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში სპორტული გუნდი ჯარიმას იხდის, რომელიც შეთანხმებიდან შეთანხმებამდე სულ უფრო მკაცრი ხდება. საგადასახადო ჭერის უმთავრეს დადებით მხარედ ითვლება ის, რომ მდიდარ გუნდებს არ აქვთ საშუალება მაღალი ხელფასებით ბევრი სუპერვარსკვლავი მიიზიდონ. მაგალითად, თავის დროზე, როდესაც ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში მაიამიში გადავიდნენ სათამაშოდ, ორივე საშუალო ხელფასს დათანხმდა (19 მილიონი დოლარი), რადგან ეს ერთადერთი საშუალება იყო დუეინ უეიდის გვერდით ეთამაშათ ისე, რომ მაიამი ჰიტს უზარმაზარი ჯარიმის გადახდა არ დასჭირვებოდა. ლებრონი ნებისმიერ სხვა გუნდში, რომელსაც გამოთავისუფლებული ფული ექნებოდა, მინიმუმ 26-28-მილიონიან კონტრაქტს მიიღებდა.

მარიო ლემიე და უეინ გრეცკი
ამერიკული ფეხბურთის ლიგაში შარშან „ჭერი" 120.6 მილიონი დოლარი იყო. ეს თანხა, ამაზე ცოტა მეტი ან ნაკლები, დახარჯა ყველამ ხელფასებზე. ბეისბოლში კი 2011 წელს ნიუ იორკ იანკისმა 201 მილიონი დახარჯა მოთამაშეების ხელფასზე, ხოლო კანზას სიტი როიალმა 36 მილიონი. ბეისბოლი საგადასახადო ჭერს არ აღიარებს. აქ არსებობენ მდიდარი და ღარიბი კლუბები. აქ არსებობს იანკისი, რედ სოქსი, სან ფრანცისკო ჯაიანთსი – უმდიდრესი გუნდები, რომლებიც მთელ ლიგას სძულს. MLB-ში, ერთადერთი, ფუფუნების გადასახადი (luxury tax) არსებობს, რომელიც მხოლოდ იმას აკონტროლებს, რომ მდიდარმა გუნდებმა, რომლებიც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ხელფასებში, ცალკე თანხა გადაიხადონ ლიგის განვითარებისთვის.

ბეისბოლი პირველი ღმერთია და ყველაზე კარგად იცნობს ამერიკელებს. მან ზუსტად იცის, რა სჭირდებათ მათ და ზუსტად იმას სთავაზობს – მრავალსაათიან სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ამერიკული განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა...

მეორე ღმერთი ერთადერთია, რომელსაც ზაფხულში არ სძინავს და სტადიონებს ავსებს. მნიშვნელობა არ აქვს ამინდს და ტემპერატურას, ყინულის მოედანზე მუდამ სიცხეა, და იქ ამერიკისა და კანადის 30 გუნდი იბრძვის. ჰოკეი ის ღმერთია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს მიადგა. ჰოკეი ოთხ ღმერთს შორის ყველაზე ნაკლებად პოპულარულია, თუმცა გამძლეობის, ძალის, ინტელექტის, რკინის ნერვებისა და მუშტების სანახაობრივი არენაა. NHL (ჰოკეის ნაციონალური ასოციაცია) – ასე ჰქვია სახლს, რომელიც ჰოკეისთვის 1927 წლიდან ერთადერთი და შეუცვლელი ადგილი გახდა. სწორედ ამ წელს დაიბადა სტენლის თასი, უძველესი ამერიკული სპორტული ჯილდო პროფესიონალებს შორის.

NHL არასდროს ყოფილა პირველი. ის ყველას უყვარს, მაგრამ უზომოდ – არავის. თავისი არსებობის პიკშიც კი, 80-იან წლებში, როდესაც მარიო ლემიე და უეინ გრეცკი ყინულზე სასწაულებს აკეთებდნენ, ჰოკეი კალათბურთის ჩრდილში იყო. იმ პერიოდში ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი Showtime-ის ოქროს ასოებით გამოყვანით იყვნენ დაკავებულები.

არსად ისეთი სისხლიანი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) დაპირისპირებები არაა, როგორიც NHL-ში. აქ ორი გუნდის ერთხელ გადაკიდებამ ეპოქები შექმნა. ფილადელფია ფლაიერსი და პიტსბურგ პინგვინსი 60-იანი წლებიდან მტრობენ ერთმანეთს. ერთ დივიზიონში გამწესებული პენსილვანიელები, წელიწადში მინიმუმ 8-ჯერ, გოლებითა და ჩხუბით სავსე შოუებს დგამენ. იგივე ხდებოდა 90-იან წლებში დეტროიტ რედ უინგსისა და კოლორადო ავალანშის თამაშებზე, როდესაც დეტროიტელი სტივ აიზერმანი, იგორ ლარიონოვი, სერგეი ფიოდოროვი, ბრენდან შანაანი, ნიკლას ლინდსტრომი და სხვა წითელი ფრთები პატრიკ რუას, ჯო საკიკის, პიტერ ფორსბერგისა და სანდის ოზოლინშის „ზვავს", სახელად კოლორადო, უპირისპირდებოდნენ. წლების მანძილზე ფლეი-ოფში იმართებოდა საოცარი სერიები, რომლის ფრაგმენტების ნახვა Youtube-ზეც შეგიძლიათ. მონრეალ კანადიენსისა და ბოსტონ ბრუინსის რაივალი, რომელიც მრავალი ათეული წელია გრძელდება. არცერთი გუნდი ფლეი-ოფში იმდენჯერ არ შეხვედრია ერთმანეთს, რამდენჯერაც კანადელები დათვებს დაუპირისპირდნენ.

ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი
ჰოკეი დაჩაგრული თამაშია, რომელიც გაფიცვებმა და ლოკაუტმა ყველაზე მეტად დააზარალა, 2005 წელს კი საერთოდ ერთი სეზონი წაართვა. მოთამაშეები და გუნდის მფლობელი საგადასახადო ჭერზე მოლაპარაკებისას მუდამ ჩიხში შედიან, ჩიხში, რომელმაც შარშან NHL-ის ნახევარი სეზონი გაუქმებამდე მიიყვანა. თუმცა ჰოკეი ღმერთია, რომელმაც სამყაროს ყველა დროის ყველაზე დომინანტი სპორტსმენი უეინ გრეცკი აჩუქა. ის 20 წელი შეუდარებელი იყო ყინულზე. 20 წელი ქმნიდა სტატისტიკას, რომელიც წარმოუდგენელ რიცხვებად იქცა, რეკორდებად, რომლის დამხობის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს. უეინ გრეცკის ერთ სეზონში მოპოვებული 215 ქულა ოდნავ ჩამორჩება სიდნი კროსბისა და ალექსანდრ ოვეჩკინის კარიერის საუკეთესო მაჩვენებლების ჯამს (120+112).

გრეცკის 99-ნომრიანი მაისური მთელი ლიგის მასშტაბით უკვდავყვეს. 30 გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ 99 ნომერი ყინულზე აღარ გამოჩნდება. ის ზემოთ უნდა იყოს, ჭერში და იქიდან უყურებდეს ყველაფერს, როგორც სიმბოლო სიდიადისა. გრეცკი შეუდარებელი ჰოკეისტი იყო, თუმცა ვერასოდეს იქცა ისეთ გლობალურ მოვლენად, როგორც მესამე ღმერთის, კალათბურთის საყვარელი შვილი მაიკლ ჯორდანი.

NBA არის კალათბურთი. სხვა ყველაფერი ერესია. NBA ამერიკის გარეთ ამერიკელ ღმერთებში ყველაზე პოპულარულია და მხოლოდ ევროპულ ფეხბურთს ჩამორჩება. NBA ყველა ეპოქას მოერგო. ის საინტერესო იყო მაშინ, როცა ლეიკერსისა და სელტიკის ომის პოლიგონი იყო, საინტერესო იყო მაშინ, როცა ჩიკაგო აწამებდა ყველას, საინტერესო იყო შაკის და ტიმ დანკანის ახალგაზრდობაში და მიმზიდველია ახლაც, როდესაც მეფე ლებრონ ჯეიმსია.

კალათბურთს გაუჭირდა ამერიკაში თავშესაფრის პოვნა. არაერთი ლიგა და გაერთიანება ცდილობდა მისთვის იდეალური პირობების შექმნას, თუმცა საბოლოოდ, 1950 წელს, გაიმარჯვა კალათბურთის ნაციონალურმა ასოციაციამ, რომელმაც წლების შემდეგ ბოლო მეტოქე, ამერიკული კალათბურთის ასოციაცია (ABA) ჩაყლაპა და ერთადერთ უკონკურენტო ლიგად იქცა. ABA-სგან NBA-მ 4 საკალათბურთო ფრენჩაიზი: სან ანტონიო სპურსი, ინდიანა პეისერსი, დენვერ ნაგეთსი და ნიუ იორკ ნეტსი (დღევანდელი ბრუკლინი) მიიღო. ქარიმ აბდულ ჯაბარი, მოზეს მელოუნი, ჯულიუს ირვინგი, ჯორჯ გერვინი თავის სახლში დაპატიჟა და, რაც მნიშვნელოვანია, სამქულიანების სისტემა შეისისხლხორცა, რამაც NBA-ს სუპერპოპულარობას საფუძველი ჩაუყარა.

1979 წელს NBA-ში სამქულიანი სროლები გამოჩნდა. იმავე წელს ერვინ მეჯიქ ჯონსონი და ლარი ბერდი მივიდნენ ამერიკის მესამე ღმერთთან და 10 წელი ამ ორი ლეგენდარული მოთამაშის გარშემო ტრიალებდა საკალათბურთო სამყარო. დეკადის მანძილზე მეჯიქი და ბერდი წყვეტდნენ, ვინ გახდებოდა ჩემპიონი. ყველა სხვა გუნდი სტატისტის როლში იყო. მხოლოდ ერთხელ, 1983 წელს მოახერხა ფილადელფიამ ჯერ ბოსტონის, შემდეგ კი ლეიკერსის დამარცხება და გაჩემპიონება.

ფილადელფია 76-იანები იშვიათი სპორტული გუნდია, რომელსაც ფატალურად არ გაუმართლა. ჯერ იყო და, 60-იან წლებში, ყოველ წელს ბილ რასელის ბოსტონთან აგებდა, 80-იანებში კი რასელი ლარი ბერდმა შეცვალა. მაშინ, როცა მეჯიქი და ბერდი ჩემპიონის ბეჭდებს ინაწილებდნენ, შტატ ილინოისის გულში მესამე ღმერთის საყვარელი შვილი ძალებს იკრეფდა.

ჩიკაგოში მაიკლ ჯორდანი სასწაულებს აკეთებდა, მაგრამ მარტო იყო. ბეტმენს რობინი და ალფრედი სჭირდებოდა. 90-იანების ბოლოს ორივე მოვიდა. ჩიკაგოში სკოტი პიპენი გამოჩნდა, ფილ ჯექსონი კი მთავარი მწვრთნელი გახდა და NBA-ში დაიწყო ახალი ერა, რომელმაც ათობით დიდებული კალათბურთელი ჩემპიონის ბეჭდის გარეშე დატოვა. ჯორდანი და ჩიკაგო გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. ჯორდანი ჰერაკლე იყო და მისი დარი მებრძოლი პარკეტზე არ მოიძებნებოდა, თუმცა ისევე, როგორც ზევსის ვაჟს, NBA-ს შვილსაც „სიგიჟის შემოტევა" ჰქონდა – ორი წლით კალათბურთი დატოვა და ბეისბოლის თამაში დაიწყო.

ჩიკაგო ბულზის ლეგენდარული ლიდერი მაიკლ ჯორდანი
ეს ორი წელი შანსი იყო სხვა გუნდებისთვის, ჩემპიონობა მოესწროთ და სანამ კალათბურთის მეფე უკან დაბრუნდა, ჰაკიმ ოლაჯუვონმა და მისმა ჰიუსტონმა ეს შანსი კარგად გამოიყენეს – ორი ბეჭედი გაიკეთეს. თუმცა ჯორდანი დაბრუნდა და სამ წელიწადში ისევ ყველაფერზე მაღლა იდგა. ემ ჯეიმ კალათბურთი სუპერპოპულარულ სპორტად აქცია, ის სიტყვა დომინაციის სინონიმად იქცა. 1992 წლის ამერიკის ოლიმპიური საკალათბურთო ნაკრები, ჯორდანის მეთაურობით, ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელიც მსოფლიო სპორტს ოდესმე ღირსებია. სახელი „დრიმ თიმი" ყველაზე ცოტაა, რასაც ის გუნდი იმსახურებდა. ჯორდანმა, ბარკლიმ, ბერდმა, მეჯიქმა და საძმომ ყველას აჩვენეს, რა სხვაობაა ამერიკელ ღმერთებსა და ევროპელებს შორის. სხვაობა, რომელიც ბოლო წლებში შემცირდა, თუმცა მაინც თვალსაჩინოა.

დღეს NBA ღმერთის ახალი შვილის მოლოდინშია. ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, ლებრონ ჯეიმსი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ ჰერაკლეს „ძმა" აღმოჩნდეს. ლებრონის წარმატებული კარიერა იოლად წარმოსადგენი იყო, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ტომ ბრეიდი, დრაფტის მეექვსე რაუნდში, 199 ფიქად აღებული მოთამაშე, თანამედროვე ამერიკული ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავად იქცეოდა.

მეოთხე და უმთავრესი ღმერთი ამერიკული ფეხბურთი 1920 წელს ამერიკელ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (APFA) შექმნის დღეს გაძლიერდა, საბოლოო სახე კი 1966 წელს მიიღო, როდესაც მისი მშვენება, სუპერ ბოული გაჩნდა. წლების მანძილზე ნაციონალურ ფეხბურთის ლიგასა (NFL) და ამერიკული ფეხბურთის ლიგას (AFL) შორის ომი მიმდინარეობდა. ორივე პირველობისთვის იბრძოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ 1966 წელს ორივე მხარე შეთანხმდა და გადაწყდა – ყოველ წელს ორივე ლიგის გამარჯვებული ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა ფინალში, რომელსაც დღეს ყველა სუპერ ბოულის სახელით იცნობს.

შეთანხმების მიხედვით, 1970 წლიდან ორივე ლიგა გაერთიანდებოდა, ორ კონფედერაციას შექმნიდა და მათი გამარჯვებულები შეხვდებოდნენ სუპერ ბოულში. იდეა მიმზიდველი ჩანდა, დომინაციისთვის მებრძოლი ორი ბანაკის დაპირისპირება სპორტულ მოედანზე გადაწყდებოდა. პირველი ორი სუპერ ბოული NFL-ის გუნდმა გრინ ბეი ფექერსმა მოიგო. ლეგენდარული მწვრთნელის ვინს ლომბარდის გუნდმა უპრობლემოდ მოიგო ჩემპიონის ბეჭდები. გაჩნდა ეჭვი, რომ ლიგების გაერთიანება ცუდი აზრი იყო, რომ NFL-ის გუნდები AFL-ის გუნდებს ბევრად აღემატებოდნენ და უმჯობესი იქნებოდა, ისევ ცალ-ცალკე ეთამაშათ. თუმცა სუპერ ბოული ჯო ნეიმატმა „გადაარჩინა" – ნიუ იორკ ჯეტსის ქუოთერბექმა და მისმა გუნდმა მესამე სუპერ ბოულში NFL-ის საუკეთესო გუნდი, ბალტიმორ კოლტსი და მისი დიდების დარბაზის წევრი ლიდერი, ჯონი იუნატასი დაამარცხეს. AFL-მა დაამტკიცა, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდა NFL-ს და 1970 წელს ორი ლიგა საბოლოოდ გაერთიანდა.

NFL-ს არ უყვარს დომინანტი გუნდები, დინასტიები. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 1966 წლიდან 18 სხვადასხვა გუნდი გახდა სუპერ ბოულის გამარჯვებული და მხოლოდ 4-ია ისეთი, რომელიც ფინალში არ ყოფილა. 32-გუნდიან ლიგაში ყოველ წელს ყველაფერი თავიდან იწყება და მხოლოდ რამდენიმე კლუბი თუ ახერხებს წლობით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას. საგადასახადო ჭერი გუნდებს საშუალებას არ აძლევს, ბევრი სუპერვარსკვლავი იყოლიონ.

NFL-ში ერთ დღეს გაგაღმერთებენ, ორი წლის შემდეგ კი ყველა გუნდი კარს მიგიხურავს. პოპულარული იოლად გახდები, მაგრამ აქ მთავარი პატივისცემის მოპოვებაა. მეოთხე ღმერთის წინააღმდეგ პირველად პიტსბურგ სთილერზი და ოკლენდ რაიდერსი წავიდნენ. 70-იანი წლების მეორე ნახევარში ამ ორმა გუნდმა NFL-ში შვიდწლიანი ჰეგემონია დაამყარა. ორი გამორჩეული დაცვის მქონე გუნდი ერთმანეთთან დაპირისპირებაში არკვევდა საუკეთესოს, სუპერ ბოული და კონფედერაციის გამარჯვებულთან დაპირისპირება ფორმალობად იქცა.

ჯო მონტანა
70-იანი წლების პიტსბურგის დაცვა მონსტრების კორპორაცია იყო. ჯო გრინს, ერნი ჰოლმსს, ელ სი გრინვუდს, დუაიტ უაითს და კიდევ 7 დამცველს ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – მეტოქის ფიზიკური და მორალური განადგურება. პიტსბურგის დაცვა იყო დიდი მექანიზმი, რომელსაც მხოლოდ ფიზიკური ტკივილი მოჰქონდა. იმ თაობას, რომლის უდიდესი ნაწილი ახლა დიდების დარბაზშია, ამერიკა „ფოლადის ფარდის" (Steel Curtain) სახელით იცნობს. ამ სპორტსმენებმა მოახერხეს ის, რომ NFL-მა წესები შეცვალა, დაცვაში თამაში უფრო რთული გახდა, მცველებს ფიზიკური კონტაქტის რამდენიმე ილეთი აეკრძალათ.

ამ ყველაფერმა პიტსბურგის დაცვა ოდნავ გააჩერა, თუმცა ვერაფერი უქნა ოკლენდ რეიდერსს. ერთადერთი გუნდი NFL-ში, რომელიც შავი ფორმებით თამაშობდა და თამაშობს, ყველაზე ბინძური მეთოდებით ცდილობდა მეტოქის განადგურებას, წესების ცვლილებამ ტედ ჰენდრიქსს, უილი ბრაუნსა და სხვა რაიდერებს მეტოქის ცემის სიამოვნება ვერ მოაშლევინა. NFL-ს ჰეგემონია არ უყვარს – თითქმის ათწლიანი ბატონობის შემდეგ ოკლენდი და პიტსბურგი გაქრნენ და მომავალ 20 წელიწადში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდნენ სუპერ ბოულში.

80-იანმა წლებმა კი კარი ჯო მონტანას და ჯერი რაის გაუღო. მონტანა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქუოთერბექად ითვლება, რაისი კი უდიდეს რისივერად და ბევრის აზრით, საუკეთესო მოთამაშედ. ჰაერში თამაში, ეგრეთ წოდებული passing game, მათ ერთად აიყვანეს ახალ სიმაღლეზე. დღეს NFL პასის ლიგაა, ოდესღაც კი დიდი, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები დომინირებდნენ. არა, ფიზიკური ძალა ახლაც უმნიშვნელოვანესია, უბრალოდ, თამაშმა მიწიდან ჰაერში გადაინაცვლა.

დღეს ლიგა ოთხი ქუოთერბექის: ტომ ბრეიდის, პეიტონ მენინგის, აარონ როჯერსისა და დრუ ბრიისის სამეფოა. ამერიკული ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე (დაცვას და შეტევას სხვადასხვა გუნდი თამაშობს) ამერიკელი ღმერთების ერთ-ერთი საყვარელი დაპირისპირება ტომ ბრეიდისა და პეიტონ მენინგის ბრძოლაა. თანამედროვეობის ორი უდიდესი ქუოთერბექის ურთიერთშეხვედრები 10 წელზე მეტია წლის მთავარი მოვლენა გახლავთ. არც მეჯიქი და ბერდი, არც გრეცკი და ლემიე არ ყოფილა ისეთი მიმზიდველი და საინტერესო, როგორც ტომისა და პეიტონის ბრძოლა. თანამედროვეობის ორი უდიდესი სტრატეგის საფეხბურთო პარტიები არასოდეს სცილდებოდა ჯენტლმენურ ზონას.

ჯერი რაისი
მათ სხვადასხვა გზა გაიარეს დიდებისკენ. მენინგი დრაფტის პირველი ნომერი იყო და პირველი დღიდან ინდიანაპოლის კოლტსის ლიდერად იქცა. ტომ ბრეიდი მხოლოდ მეექვსე წრეში აირჩია ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა. თავის დროზე 199 ნომრად აყვანილი ბრეიდი NFL-ში ქუოთერბექების რეკორდების ნახევრის მფლობელია. მათი ურთიერთობა პატივისცემაზეა დამყარებული და არ ყოფილა შემთხვევა, ერთმანეთზე ცუდი ეთქვათ. მეგობრები არ არიან და ალბათ არც იქნებიან, მაგრამ ორივე ხვდება, რომ ერთმანეთის გარეშე პირველობას იგივე გემო არ ექნებოდა.

ამერიკული ფეხბურთი ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ყველაზე ძლიერი ღმერთია. სტადიონზე მაყურებლების საშუალო დასწრებით ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა (67,600). სუპერ ბოული უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ყველაზე ყურებადი ყოველწლიური სპორტული ღონისძიებაა. სუპერ ბოულის დროს რეკლამის ფასი წლიდან წლამდე ძვირდება. შარშან 30-წამიანი რეკლამის ფასი 4 მილიონი დოლარი იყო, მთელი სარეკლამო დრო კი ბოულამდე თვეებით ადრე გაიყიდა. NFL იდეალური ქმნილებაა, ეს არის შოუ, რომელიც ათლეტებს, სტრატეგებს, მეომრებს მოედანზე აერთიანებს. მოედნის გარეთ კი ფეხბურთი კომერციულ მონსტრად იქცა, სადაც რეკლამაც კი ხელოვნებაა. სუპერ ბოულზე გასულ რგოლებს ცალკე სტატიები ეძღვნება, ყველა კომპანია სპეციალურად ამ დღისთვის ქმნის რეკლამას, რადგან ყველამ იცის – სუპერ ბოულის ღამეს მთელი ამერიკა თავის საყვარელ ღმერთს უყურებს.

ნილ გეიმანი წერს – „ღმერთები კვდებიან. და როცა ისინი მართლა იღუპებიან, მათ არავინ გლოვობს და არავის ახსოვს. იდეის მოკვლა უფრო ძნელია, ვიდრე ადამიანის, თუმცა საბოლოოდ მისი მოკვლაც შეიძლება". გეიმანის აზრით, ღმერთს ადამიანი ქმნის და ისევ ანადგურებს. MLB, NHL, NBA, NFL – მათ ძველი ღმერთები დაამარცხეს, ახლის მოლოდინში კი სულ უფრო ძლიერები ხდებიან. მათ იციან, რა სურს ხალხს და მრევლს სწორედ საკუთარი სურვილებით ასაზრდოებენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები