მედია

ლუბა ელიაშვილი: ეს არხი მარტო აპარატურა არ არის

მეცხრე არხი

დღეს, 19 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ, მე-9 არხი მაყურებელს დაემშვიდობა და მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში პრემიერის მიერ არხის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„არავის ამ არხზე არ გაგვიხარდა არხის დახურვა. წარმოუდგენელია, რომ ეს ამბავი ვინმესთვის იყოს სასიამოვნო, თუმცა, ძალიან ბევრი მიზეზით, ეს ყველაფერი არის გასაგები. ალბათ თქვენც და მეც ძალიან ბრაზდებოდით, როდესაც ყველა პრესკონფერენციაზე, ისმოდა შეკითხვა, რომ არის რაღაც აუცილებლობა არხის გასხვისების შესახებ და პრემიერი მას პასუხობდა სხვადასხვანაირად - ზოგჯერ უფრო გაბრაზებული, ზოგჯერ უფრო მშვიდად. მაგრამ, რეალურად, ამ შეკითხვას ჩვენი კოლეგები ყოველ წუთას სვამდნენ“, - აცხადებს მე-9 არხის გენერალური დირექტორი.

ლუბა ელიაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობასთან არავითარ წინააღმდეგობაში არ იყო ის ფაქტი, რომ პრემიერს საკუთარი ტელევიზია ჰქონდა, თუმცა, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების მიზნით, აუცილებელი გახდა, რომ „პრემიერს საკუთარი არხი არ ჰქონოდა“.

„თუ მისთვის მართლაც ძვირფასია ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება, და ის, რომ ეს ძვირფასია მე-9 არხის და ინფო 9-ის თანამშრომლებისთვის, ეს ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ იმ პერიოდში, როდესაც ამ დემოკრატიისთვის ძალიან სერიოზულად ვშრომობდით, ვიბრძოდით და ვიღვწოდით - ეს ყველაფერი არის ძალიან ცალსახა. მე იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოადგება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას“, - აცხადებს ელიაშვილი.

მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყნაში ისეთი პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის, როგორიც მე-9 არხზე მუშაობენ, „აუცილებლად მოინახება კარგი სამსახური“.

ლუბა ელიაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზეც, რომ მე-9 არხის დახურვასთან დაკავშირებით მასთან „უხერხული“ სატელეფონო ზარებიც იყო.

„მაინცდამაინც დღეს, აბა, იქნება იაფად ჩავიგდო აპარატურა ხელში - არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ეს გესმის. თვალნათლად ჩანს ის სიხარბე. სინამდვილეში, ეს არხი მარტო აპარატურა არ არის. უფრო სწორად, არავითარ შემთხვევაში არ არის აპარატურა. ეს არხი არის მისი პროფესიონალი თანამშრომლები“, - აცხადებს ელიაშვილი.

არხის გენერალურმა დირექტორმა იმაზეც ისაუბრა, რომ ტელეკომპანია ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა, რომლის თანახმად, არასწორია ის პანელი, რომლითაც ტელეკომპანიის რეიტინგი იზომებოდა.

„ძალიან მინდოდა, ეს გამოძიება გასულიყო ეთერში, იმიტომ რომ ყველა მაჩვენებლით, მაგალითად, ინტერნეტმთვლელით, ძალიან ცხადად ჩანს, რომ მე-9 არხი გახდა ძალიან კარგი და ძალიან რეიტინგული ტელევიზია“, - განაცხადა ელიაშვილმა. 

კომენტარები