ახალაიას საქმე

ახალაია: საგანელიძე უყოყმანოდ წავა ეშმაკთან გარიგებაზე საქართველოს ხარჯზე

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბაჩანა ახალაიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს facebook-ზე უპასუხა. 

"პრინციპების ერთგულება არის და იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი ფასეულობა. ბუნებრივია, ამას ვერ გაიგებს ბ-ნი საგანელიძე. მისი ცხოვრებისეული გამოცდილება თვალნათლივ მოწმობს იმას, რომ მარტივად შეუძლია პოზიციების ცვლა პოლიტიკური ამინდის შესაბამისად. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მას ამოძრავებს არა პრინციპები ან იდეალები, არამედ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა. იგი უყოყმანოდ წავა ეშმაკთან გარიგებაზეც საქართველოს ინტერესების ხარჯზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმენი სასამართლოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის, დაშინების და შანტაჟის. არადა საზოგადოებამ თავად იხილა, რომ ყველა საქმე ჩემი და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ უბრალოდ არის ერთი დიდი აბსურდის თეატრი. ბატონი საგანელიძე იქნებ დაინტერესებულიყო, თუ როგორ ხდებოდა მოწმეების გატაცება მათი დაშინების მიზნით, როგორ ხდებოდა ერთი ერთში ჩვენებების კოპირება, იქნებ მოესმინა ბრალდების მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, გადაემოწმებინა როგორ ხდება იმ ადამიანების დასაქმება, რომლებიც იზეპირებენ პროკურატურის მიერ დაწერილ ჩვენებებს ჩემს წინააღმდეგ.

ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, ხოლო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ღირსეულ ჯარისკაცს განვიხილავ ჩემს ოჯახად და საქართველოს სიამაყედ. და რაც არ უნდა ეცადოთ დიდი ხნით აღმიკვეთოთ თავისუფლება, ვერ დამამწუხრებთ. ერთი იცოდეთ, ჩემთვის მთავარია საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, პირნათელი ვარ საქართველოს, ჩვენი თანამოქალაქეების და თითოეული თანამებრძოლის წინაშე და ძალას არ დავიშურებ მათთვის მომავალში", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიასთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, თუ ის პროკურატურას საინტერესო მასალებს მიაწვდის. 

კომენტარები