საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი აიათოლას: გთხოვთ, არ დასაჯოთ გაქრისტიანებული ქართველები

პატრიარქი

ილია მეორე საქართველოს საპატრიარქოში ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი, აიათოლა შაჰრისტანი ხელმძღვანელობს. კათოლიკოსმა ილიამ აიათოლას სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები, რომლებიც საუკუნეებია ირანში ცხოვრობენ, არ დაისაჯონ. შეგახსენებთ, რომ ირანში მუსლიმის მიერ ქრისტიანობის მიღება ისჯება. 

"მე მინდა გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველები, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?", - უთხრა ილია მეორემ აიათოლა შაჰრისტანს.

ამასთან დაკავშირებით, ირანელმა სასულიერო ლიდერმა უპასუხა, რომ აუცილებლად გადასცემს ამ თხოვნას "ვისაც საჭიროა".

"ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად, ამ თხოვნას გავიზიარებთ", - განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.


კომენტარები