კონსერვატორია

კონსერვატორია დღეს

თითქმის ორი წელია, რაც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია რეზო კიკნაძე. მასთან საუბრისას შევიტყვე, რომ განათლების სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა სახელოვნებო განათლების კანონზე, რომელმაც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების მომავალი უნდა განსაზღვროს. აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალობა და რამდენიმე მტკივნეული, დღემდე გადაუჭრელი საკითხი, ვფიქრობ, ნათელია პასუხებში, რომლებიც დასმულ კითხვებზე კომპოზიტორმა და შემსრულებელმა გაგვცა.

კონსერვატორიის რექტორად დაინიშნეთ თუ არა, ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ თქვენთვის, როგორც ხელოვანი ადამიანისთვის, ორგანიზაციული თუ ბიუროკრატიული საქმიანობის წარმართვა რთული იქნებოდა. რამდენად სწორად ფიქრობდნენ?

ორგანიზაციული საქმიანობა ხელოვნების ნებისმიერი სფეროს ზუსტად ისეთივე თანამდევია, როგორც „დანარჩენი ცხოვრების", მაგრამ ვაღიარებ – სულ სხვა ტიპის საორგანიზაციოა – სანოტო მასალა იქნება, კომპოზიციური ვარიანტულობა თუ რომელიმე ფენომენის წინასწარი შემოქმედებითი კვლევა; კონსერვატორიის რექტორობის კონტექსტში ამგვარი „სუბიექტური" საორგანიზაციოც ბევრია.

ჩემთვისაც, რა დასამალია, ძალიან ძნელია, ხანდახან სასოწარკვეთილებამდე გაუსაძლისი დღევანდელი „ამპლუა": ისედაც ისეთი ტიპი ვარ, რომ მაცალო, შემიძლია მთელი კვირა არ გავიდე სახლიდან; ჩემი პროფესიის და ცოტა გიჟური ცხოვრების გამო, გერმანიაშიც და აქაც, არ ვიცი ბოლოს როდის იყო, როცა ორი-სამი დღე გადავაბი და შინ დავრჩი; ალბათ, ერთი 10 წლის წინ... ბოლო ორი წლის მანძილზე, საოცნებოდაც კი არ გამხსენებია რამე ამდაგვარი. თუმცა ეს დიდად არ შემაწუხებდა, რომ არ იყოს კარდინალურად განსხვავებული საქმიანობა იმისგან, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

ორგანიზება, გაფორმება (უწყებრივი, ბიუროკრატიული) ყოველთვის იყო სხვების საქმე. ჩემი საქმე მუდამ შემოქმედებითი და, შესაბამისად, საკმაოდ თავისუფალი და უწესრიგოც კი გახლდათ, რაც არავის აწუხებდა. ქაოტურობა, ნაწილობრივ, ჩემი მაგიდის დღევანდელ მდგომარეობაში კვლავაც აისახება. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ გარს მახვევია პროფესიონალების მთელი გუნდი, რომელიც საშუალებას არ მაძლევს, კონსერვატორია ქაოტურად ვმართო. გარედან იმდენი შემაწუხებელი კანონის ატანა, გვერდის ავლა ან ჩვენზე მორგება გვიწევს, რომ შიგნით კიდევ რაღაც ხელოვნური სიმკაცრეების დაწესება, თუნდაც წინა ათწლეულების გამოცდილებით, დღეს უკვე ანაქრონიზმად მიმაჩნია.

რისი გამოსწორება გსურთ?

მინდა, ნაკლებად ვიყოთ ისე, როგორც თუნდაც 20 წლის წინ – გნებავთ საბჭოთა და გნებავთ იმ ავბედით დროს, როდესაც მხედრიონი დათარეშობდა და ვერავის ენდობოდი. დღეს, მიმაჩნია, რომ ნდობა უფრო მეტად შეიძლება, როგორც პროფესორის, ისე სტუდენტობის. აკადემიური პასუხისმგებლობის ნაწილობრივ მაინც დაკისრება სტუდენტობისთვის, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს იმას, უკეთ ვიცოდეთ, რისი სწავლა უნდათ ჩვენგან.

რეზო კიკნაძე
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

სწავლა ორმხრივი პროცესი და მდგომარეობა, გაცვლა-გაზიარებაა და არ გულისხმობს ინფორმაციის გადაცემას ერთი მიმართულებით. შესაძლოა, ცოტა მიამიტურად და უტოპიურადაც ისმის, მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ არც პოზიციის და არც მეთოდის შეცვლას – შედეგებიც აშკარაა და პერსპექტივასაც სწორედ ამაში ვხედავ. რაც ნიშნავს, რომ სიმკაცრე და მკვეთრი ზღვარის გავლება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, სწავლის სიხალისეს არ უნდა სჯაბნიდეს. სასწავლო პროცესი უფრო უნივერსიტეტული უნდა გახდეს. ევროპული ხელოვნების ისტორიაში არ იყო ისე, რომ მასწავლებელი იყო გურუ, ხოლო სტუდენტი – მონა ან ბრმა მიმდევარი. ამ ფუნდამენტალისტურმა, რაღაცით აზიურმა თუ აღმოსავლეთაზიურმა მენტალიტეტმა რატომღაც საბჭოთა კავშირში მოიკიდა ფეხი. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ საზოგადოება იყო მართული, პოლიტიკურად და სოციალურად, რამაც ბევრი საქმე გააფუჭა. მაშინდელი საზოგადოების რაობა იმდენად საძულველია, რომ ანალიტიკური „ათვისების", კრიტიკული შესწავლის და აღნიშნულ კონტექსტში უარყოფის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია.

თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რა არის დაუშვებელი, როდესაც კულტურის განვითარებაზე ვსაუბრობთ?

დღევანდელ საზოგადოებაშიც, მთელი თავისი პრობლემებით, უნდა ვეცადოთ სწორედ პოლიტიკური სიტუაციისგან სრულიად დამოუკიდებელი, მაგისტრალური კულტურული ხაზის განხორციელებას, რომელიც ერთი უნდა იყოს პოლიტიკური რყევების, კატაკლიზმების და ეკონომიკური არამდგრადობის პირობებში და არ უნდა იცვლიდეს მიმართულებას პოლიტიკური კონიუნქტურის კვალდაკვალ. დიპლომატია და კომპრომისები, ცხადია, საჭიროა, რადგან სახელმწიფოს (მით უფრო, ისეთი არამდგრადი პოლიტიკის მქონეს, როგორიც ჩვენია) ათას მხარეს შეუძლია გაუხვიოს, მაგრამ ასეთ პირობებში რომელიმე პოლიტიკური სიტუაციისთვის მხარის აბმა და რომელიმე პოლიტიკურ სიტუაციასთან დაპირისპირება, ისეთივე მავნებელი მგონია, როგორც ის, აივანზე რომ დავდგე და ქვების სროლა დავიწყო... ეს ძალიანაც რომ მინდოდეს, მგონი, არ უნდა ვქნა.

როგორც კი წრფელი გულით დავილაპარაკებთ, რომელი უწყებაც უნდა იყოს, ყველაფერი, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოგვარდება და შესაბამისი ნაბიჯიც არ დააყოვნებს. სწორედ ამიტომაც არ მაქვს ჩემი ბიუროკრატიული და საორგანიზაციო უუნარობის დიდი შიში...

სტუდენტებისთვის არჩევანის თავისუფლებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელი ნაბიჯი მგონია...

დიახ, მაგრამ ასეთ რელსებზე გადასვლა მტკივნეული აღმოჩნდა. რა იყო ჩვენი დღევანდელი სხდომის მთავარი საკითხი კონსერვატორიაში? ის, რომ ჩვენი პროგრამები ჯერ კიდევ საკმაოდ ხისტია, გვინდა უფრო მოქნილი გავხადოთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რის ხარჯზე... ძალიან გვინდა, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, სტუდენტს ჰქონდეს სწავლის დაგეგმვის და იმის წარმოდგენის საშუალება, თუ როგორი უნარები დასჭირდება 3-4 წლის მერე სამუშაოს საშოვნელად.

სტუდენტებს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, ან უნდა ჰქონდეთ, როცა სადმე სწავლობენ, რადგან სტუდენტის გარეშე სასწავლებელი არაფერს წარმოადგენს. ისეთი „შემოქმედებით პრაქტიკაზე ორიენტირებულიც" კი, როგორიც სახელოვნებოა. ამიტომაც, სტუდენტის თითოეული ნაბიჯი და აქტივობა უნდა იყოს კონსერვატორიის საკეთილდღეოდ გადადგმული, რაშიც პერმანენტულად უნდა მივეხმაროთ, და პირიქით, კონსერვატორიის ყოველი ნაბიჯი, დიდი და მცირე, სწორედ სტუდენტის კომფორტს და მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, პერსპექტივის განვრცობას და მის კულტურულ, კონკურენტუნარიან და ყოველმხრივ ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს.

არსებული განათლების სისტემა, საკანონმდებლო ბაზა, შემოთავაზება, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს, რამდენად ადეკვატურია მოთხოვნების, რომლებიც არსებობს და თანამედროვე სტუდენტს შეიძლება ჰქონდეს? მით უფრო მაშინ, როდესაც გასათვალისწინებელია სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სპეციფიკა.

მომჩვენებია, რომ ამ „სპეციფიკაზე" ყიჟინი შეიძლება არასწორადაც კი მოუბრუნდეს სახელოვნებო განათლებას – შეიძლება განათლების სამინისტრომ ჩათვალოს, რომ მათი ზრუნვის ობიექტი არ ვართ და ჩვენი თავი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაულოცოს, ნაცვლად იმისა, რომ კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობის რეჟიმში გაითვალისწინოს და აღიაროს ეს „სპეციფიკურობა".

მიხარია, რომ განათლების სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა სახელოვნებო განათლების კანონზე, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. არადა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს კანონი, ცალკე დაწერილი ან განათლების კანონთან მიბმული, სადაც ჩადებულია ცვლილებების ან სპეციფიკური შემთხვევების (სახელოვნებო განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით) განხორციელების შესაძლებლობა. ეს თუ მოხდება, მაშინ შვებით ამოვისუნთქავთ. დავინახავთ, რომ განათლება შეიძლება სფეროებად დაიყოს და ზოგიერთ სფეროს სულ სხვა რამ მოეთხოვებოდეს, ოღონდ ისე, რომ რჩებოდეს საუნივერსიტეტო სივრცის სრულუფლებიან წევრად.

როგორი მოთხოვნილებაა ხელოვნება?

ხელოვნება ყოვლად გაუაზრებელი და ინსტინქტური მოთხოვნილება კი არ არის, არამედ ადამიანის ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნილებაა. შემოქმედება იწყება, ალბათ, რაღაცის დანახვაში და გრძელდება დანახულის ჯერ სხვისთვის გადაცემის სურვილში, შემდეგ კი, ამის მისაღწევ ქმედებაში. „სხვისთვის გადაცემის" დროს არსებული მექანიზმების გააზრება გულისხმობს სწორედ რაციოს, რომლის გარეშეც ხელოვნება ხელოვნება არ არის. დავით კაკაბაძე ამბობდა, ხელოვნება არის მეცნიერება და შუა საუკუნეების ხელოვანნიც სწორედ ის მეცნიერები იყვნენ, რომლებიც მეცნიერებაშიც ისევე ცდილობდნენ კედლების და სტერეოტიპების დანგრევას, როგორც ხელოვანნი ყველა ეპოქაში...

როგორი წელი იყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით?

ერთი მხრივ, ძალიან მძიმე და ინტენსიური, ხოლო მეორე მხრივ, სწორედ ამიტომაც, საინტერესო სიახლეებით აღსავსე. ძნელია იმის განცდა, როცა უყურებ სტუდენტებს, რომლებმაც რუსული უკვე აღარ იციან და ინგლისური ჯერ არ უსწავლიათ... ენების უცოდინრობის კატასტროფული შედეგია ის, რომ დღეს ბევრად მეტი სტუდენტი შეიძლება საზღვარგარეთ სწავლობდეს... მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის წასვლის დრო და ოდესმე (იმედია, მალე) დადგება დაბრუნების დროც... ამისთვის უნდა მოვმაგრდეთ და უცხოეთში წასულებს შევთავაზოთ ისეთი რამ, რაც მათ დააბრუნებს.

აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება. არამარტო კონსერვატორიაში. აქედან ყურადღებას შევაჩერებდი ერთზე, სამი სახელოვნებოსთვის საერთოზე, რომელსაც ირინა პოპიაშვილმა (მაშინ აკადემიის რექტორი იყო), Reverse Brain Drain დაარქვა. „ბრეინდრეინი" არის სამშობლოდან რომელიმე ტიპის ადამიანების, კადრების და ა.შ. მასობრივი გადინება, როგორც, მაგალითად, ილტვოდნენ ინდოეთიდან ევროპაში კომპიუტერული ტექნოლოგიის სპეციალისტები, რათა უკეთესი სამუშაო ეშოვათ.

საქართველოს სინამდვილე რომ ავიღოთ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, წარმოიდგინეთ რამხელა დანაკლისია სამუშაოს მძებნელთა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლტოლვილთა, სტუდენტთა ასეთი გადინება ქვეყნისთვის და რამდენად მცირეა მათი უკან დაბრუნების პროცენტი... პროექტის ფარგლებში, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივა იყო, ხდება ქვეყნიდან წასულ და „იქ" განათლებამიღებულ, პროფესიას დაუფლებულ ქართველ ხელოვანთა მოწვევა საქართველოში თავისი მასტერკლასით, ვორქშოპით და საჯარო ლექციით, რომელთა მნიშვნელობა და, რაც მთავარია, სარგებელი (რეზონანსის, ინტერესის და დონის ამაღლების თვალსაზრისით), ალბათ, მომავალში უფრო მეტად იქნება დანახული და დაფასებული.

კონკრეტულად რაში ეხმარება ახალი ინიციატივა სტუდენტობას?

იმ ორიენტაციის განმტკიცებაში, რომელიც, მადლობა ღმერთს, ხანდახან აქვს და სახელი ვერ დაურქმევია, ან სულაც რაიმე ხელმოსაჭიდის პოვნაში. სტუდენტს კი არ უნდა ვუსაყვედუროთ, რომ არაფერი აინტერესებს, არამედ უნდა ვიმტვრიოთ თავები, თუ როგორ და რით დავაინტერესოთ ის. ჩვენი ტრადიცია კი არ უნდა ვაფეტიშოთ, არამედ გაფაციცებით ვუსმინოთ სტუდენტის ინტერესის ცვლას.

საკუთრივ კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობებიდან, უმნიშვნელოვანესია პარტნიორობა ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან, რომელიც ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო და დამამთავრებელ, ინტენსიურ ფაზაში ახლა შევიდა. ამ პარტნიორობის შედეგია კონსერვატორიაში დაარსებული, შესანიშნავად აღჭურვილი მუსიკის ტექნოლოგიების სტუდია, სადაც ინტენსიური სწავლება უკვე სექტემბრიდან დაიწყება. ნორვეგიის აკადემიასთან წლების მანძილზე მიმდინარეობს არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ დოცენტების და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა, ტრენინგი და გამოცდილების გაზიარება. მართალია, ბევრი მისაბაძი რამ საქართველოს, კონსერვატორიის დღევანდელ სინამდვილეში და საბიუჯეტო პირობებში ყოვლად გამორიცხულია (და რეკომენდაციებსაც მხოლოდ გულდაწყვეტილი ღიმილით ვუყურებთ), მაგრამ მაინც ვცდილობთ ვიმოძრაოთ ისე, როგორც უფრო გონივრულია.

ზემოთ პროფესორები ახსენეთ და არ შემიძლია არ დაგისვათ შეკითხვა, რომელიც პედაგოგიური კადრების ცვლას ეხება. რამდენად ადვილად იმკვიდრებენ (თუ იმკვიდრებენ საერთოდ) ახალგაზრდები ადგილს პროფესორ-მასწავლებლების რანგში? როგორც მახსოვს, განსაკუთრებით თეორიული მიმართულებით, ახალი თაობის პროფესორების კონსერვატორიაში მოსვლის პროცესი გამორჩეულად მტკივნეული იყო.

მდგომარეობა მართლაც დრამატულია. ერთ მხარეს დგას მხცოვანი და დამსახურებული პროფესურა, რომელიც 35-40 წელია მუშაობს და საქართველოს მუსიკალურ ელიტას წარმოადგენდა. მეორე მხარეს კი ჯარია ახალგაზრდების, რომელთა ენერგიაც, ნოუჰაუც და, რაც მთავარია, აღმაფრენაც კონსერვატორიის დახშულ კარს მოსდგომია. ნორმალური ქვეყნის შემთხვევაში, პროფესორს პენსიაზე გასვლა უნდა უხაროდეს. მაშინ კვლევასაც და შემოქმედებასაც მიხედავს იმ დოზით, რა დოზითაც უნდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მოემზადება იმისთვის, რომ ცხოვრებიდან წავიდეს დამშვიდებული, დასვენებული და თავისი ღირსების, დამსახურების სრული განცდით. ჩვენს მდგომარეობაში პენსიაზე გაშვება ნიშნავს დამსახურებული ხალხისთვის ცხოვრების ბოლო წლების გამწარებას; ამის არგაკეთება (და მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ, სანამ გამოსავალი არ მოინახება!) კი ნიშნავს კონსერვატორიის განვითარების შეჩერებას სწორედ იმ დახშულ კართან, რომელსაც ჩვენი პროფესიული, კულტურული და ადამიანური მომავალი – ახალგაზრდობა – მოსდგომია.

როგორ უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა?

სახელმწიფომ მზადყოფნა უნდა გამოიჩინოს თუნდაც იმისთვის, რომ ქველმოქმედების კანონი აამოქმედოს. ამ თვალსაზრისით, საქართველო მე მგონი ველურების ქვეყანაა, რადგან არ ვიცი არცერთი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ქველმოქმედება თუნდაც პატარა საგადასახადო შეღავათს არ გულისხმობდეს. როგორც კი დამთავრდება ველურობა და სახელმწიფო თავისი საგადასახადო შენაძენის ნაწილზე შეგნებულად იტყვის უარს, მდგომარეობა გამოსწორდება. ახლა სოციალურად დაუცველი და დაჩაგრული მოსახლეობა მხოლოდ სახელმწიფოს შეჰყურებს, როდესაც, ქველმოქმედების შედეგად, პასუხისმგებლობის სიმძიმის გადანაწილება შეიძლება. მთავარი კითხვაა: რისთვის არის მზად სახელმწიფო? რაზე შეუძლია თქვას უარი იმისთვის, რომ მოგებიანმა ქართულმა ორგანიზაციებმა ქველმოქმედება გამოიჩინონ? როგორც კი საკითხი მოგვარდება, ვეღარც კონსერვატორიას იცნობთ და ვერც ძალიან ბევრ რამეს საქართველოში, ცხადია, პოზიტიურად.

კომენტარები