სუნამო

სამოსი არომატისთვის

ნინა ახლოური
0 კომენტარი

„სუნამო ხელოვნების ნიმუშია და ის, რაშიც მოთავსებულია, შედევრი უნდა იყოს", – თქვა ერთხელ რობერტ რიჩიმ. L'air du temps-ის ფლაკონი მართლაც შეიძლება სწორ წარმოდგენას გვიქმნიდეს ამ იდეაზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რომელ ეპოქას ეკუთვნის ეს ფრაზა. დღეს (ისევე, როგორც მეოცე საუკუნეში), როდესაც სუნამოს ღირებულებას ძალიან ხშირად განსაზღვრავს ჭურჭელი, რომელშიც ის მოთავსებულია და ხანდახან, როგორი შოკისმომგვრელიც უნდა იყოს, მთლიანი ფასის ნახევარზე მეტსაც კი ფლაკონი „იკავებს", რთულია დაადგინო, რომელია პრიორიტეტული.

ამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ შედევრი მხოლოდ ჭურჭელია და სწორედ ის არის ფაქტორი, რომელზეც მარკეტინგული სამსახური გათვლას აკეთებს.
იდეალურ შემთხვევაში, სუნამოს ჭურჭელი საერთო კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს და არომატთან ჰარმონიულ სინთეზს ქმნიდეს. წარმატებული და ცნობილი პარფიუმების შემთხვევაში ვიზუალური ასოციაციები ძალიან ძლიერია, მაგალითად, Chanel №5-ის ხსენებაზე მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება კლასიკური, მკაცრი სტილის ბოთლი, ყველანაირი ზედმეტი დეტალის გარეშე, რომელიც თავისი ეპოქისთვის საკმაოდ ორიგინალურ ფორმას წარმოადგენდა და დღესაც უცვლელი რჩება. ამის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნემდე, სუნამოს ფლაკონი არსებობდა კონკრეტული არომატის გარეშე, როგორც ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნიმუში.

L’air du temps
მართალია, პარფიუმერიის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მაგრამ არც ისე ბევრი ექსპონატია შემონახული, რომელიც ფართო წარმოდგენას შეგვიქმნიდა, თუ როგორ ჭურჭელში ინახავდნენ სუნამოს უძველეს დროში. ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში ფლაკონის მსგავსი ჭურჭელი არა მარტო თიხისა და ქვისგან, არამედ ხისა და სპილოს ძვლისგანაც კი მზადდებოდა. მოგვიანებით, ძველმა ბერძნებმა, სუნამოსთვის განკუთვნილი ჭურჭლის ხელით მოხატვა დაიწყეს. რომში საფუძველი ჩაეყარა კეთილშობილი ლითონებისგან დამზადებული ფლაკონის ძვირფასი ქვებით მოჭედვის ხელოვნებას, რასაც მოგვიანებით კიდევ უფრო სრულყოფილი სახე მისცეს ევროპელებმა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ამგვარმა ჭურჭელმა სამკაულის ფუნქციაც კი იტვირთა, განსაკუთრებული ღირებულებისა და სილამაზის გამო.

მეჩვიდმეტე საუკუნიდან, ფლაკონის დამზადების ხელოვნება ახალ ეტაპზე გადავიდა. დაიწყეს ისეთი მასალების გამოყენება, როგორიცაა ძვირფასი ლითონი, ბროლი, შუშა და ფაიფური. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კი წარმოების სპეციალური პუნქტებიც გაჩნდა, სადაც სუნამოს ჭურჭლის დიზაინს გამოცდილი ხელოვანები ქმნიდნენ. პომპეზურობის განცდა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისკენ თითქმის გაქრა – Art Nouveau-ს ეპოქამ საგრძნობი გავლენა მოახდინა პარფიუმერიის ჭურჭელზეც. ფლაკონმა, როგორც სამკაულმა, აქტუალობა დაკარგა და ის ბროლის დახვეწილმა, ყვავილებით მოხატულმა ჭურჭელმა შეცვალა.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, სუნამოს ბოთლის დიზაინი საოცრად მრავალფეროვანი გახდა – დაიწყო ფლაკონის ფორმებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების დაუსრულებული პროცესი. ამავე დროს, პირველად შეიქმნა სუნამოს ბოთლი გარედან მიმაგრებული სპეციალური შესასხურებელი მოწყობილობით, რომელიც დღეს უკვე ვინტაჟთან აღძრავს ასოციაციას.

მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ექსპონატები მნახველში აღფრთოვანებას იწვევს მდიდრული გარეგნობით და ერთგვარ იუველირულ შედევრებსაც კი წარმოადგენს (მსგავსი ექსპონატების ნახვა ბევრ მუზეუმში შეიძლება, თუნდაც პარიზის ფრაგონარის პარფიუმერიის მუზეუმში), მეოცე საუკუნე მაინც ფლაკონის ხელოვნების ოქროს ხანად შეიძლება ჩაითვალოს. უმეტესწილად, ალბათ, მაინც Baccarat-ისა და Lalique-ის შესანიშნავი მემკვიდრეობის გამო. არა მხოლოდ საინტერესო დიზაინის, არამედ, პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ხარისხის დამსახურებაა, რომ დღეს მათი პატარა ფლაკონები, ყოველგვარი სურნელოვანი შიგთავსისა თუ ძვირფასი თვლების გარეშე, ასეულობით და ათასობით დოლარიც კი ღირს და კოლექციონერების გამუდმებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისის გეომეტრიული და კლასიკური ფორმები Jean Patou-სა და Chanel-ის ესთეტიკასთან ასოცირდება, 50-იანებიდან სუნამოს ჭურჭლის დიზაინში მეტი კრეატიულობა ჩნდება. ეს ბუნებრივიცაა, დეპრესიის წლების და მსოფლიო ომის პერიოდიდან გამომდინარე, რომელმაც ამ ხელოვნების ევოლუციის ტემპი საგრძნობლად შეასუსტა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუქს კლასის ბრენდებმა ბოთლის დიზაინის შესაქმნელად ცნობილი ხელოვანების მოწვევაც კი დაიწყეს. ამ ეპოქის სულს შესანიშნავად გადმოსცემს სალვადორ დალის გაფორმებული ფლაკონები, მაგალითად, Schiappareli – Le Roy Soleil...

Lalique
დახვეწილი ფორმები და ძვირფასი მასალა 80-იანებიდან უკვე რარიტეტული გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად პარფიუმის დემოკრატიზაცია მოხდა. ის უკვე აღარ წარმოადგენდა მაღალი ფენის ადამიანთა პრივილეგიას, ამასთან, წინ წამოიწია პრაქტიკულობამ. იქიდან გამომდინარე, რომ სუნამომ ტუალეტის მაგიდიდან ქალის პატარა ზომის ჩანთაში გადაინაცვლა, აქტუალური გახდა ბოთლი შიგნით ჩამონტაჟებული პულვერიზატორით. ფლაკონის „ურბანიზაცია" ამით არ დასრულებულა – ლითონისა და პლასტმასის მასალა, უტილიტარისტული ფორმები... Lalique-ისთვის დამახასიათებელი ფუფუნება იოლად ჩაანაცვლა იაფფასიანმა დიზაინმა, რომელიც შამპუნის ბოთლთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე ლუქს კლასის პროდუქტთან. უნისექსის პოპულარობამ ფლაკონების ვიზუალურ მხარეზე კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა და მაქსიმალურ მინიმალიზმს მისცა გასაქანი.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სუნამოს ბოთლის დიზაინის განვითარების პროცესი მაინც ძალიან წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამის დასადასტურებლად თუნდაც სერჟ მანსოსა და პიერ დინანის სახელების ხსენებაც საკმარისი იქნება. ამჟამინდელი ეპოქის დამსახურება კი ისაა, რომ ბოთლის ორიგინალური დიზაინისა და სწორი ბრენდინგის წყალობით, თითქმის ყველას შეუძლია ერთი შეხედვით იცნოს Kenzo-ს Flower, Dior-ის J'adore, Guerlain-ის Idylle...

გასული საუკუნეების ექსკლუზიურობის მომენტი კი წარსულში დარჩა. უნიკალური ბოთლი, რომელსაც ყელსაბამზე ჩამოკიდებულს ატარებდი და ნებისმიერი სასურველი სითხით შეავსებდი, ასევე ისტორიის კუთვნილებაა. მასობრივი წარმოება არტიზანული ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცხადია, გამარჯვებული დარჩა, თუმცა სწორედ ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ექსკლუზიურობის კრიზისი თავად პარფიუმერიას შეეხო, ბოთლის დიზაინი მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად მთავარ იარაღადაც იქცა. Niche ბრენდები კი ჭურჭელს მინიმალურ ყურადღებას უთმობენ და აქცენტს შიგთავსზე აკეთებენ. ასევე იქცევიან ცნობილი კომპანიებიც (მაგალითად, Dior და Chanel), როდესაც სუნამოების ექსკლუზიურ, ლიმიტირებულ ხაზს ქმნიან.

ვიზუალური სილამაზის მოყვარულ კინესთეტებს კი ისღა დარჩენიათ, ვინტაჟური, ექსკლუზიური ბოთლების შეძენაზე თავად იზრუნონ და საყვარელი არომატიც, მასში მოთავსებით, ანონიმად აქციონ. როგორც ძველად, არამარკეტინგულ ეპოქაში...

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები