საქართველოს მთავრობის კანცელარია

კანცელარიამ მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით მაღალჩინოსნები გააფრთხილა

radiotavisupleba.ge

მთავრობის კანცელარიამ სამთავრობო უწყებებს წერილები გაუგზავნა და მთაწმინდის პარკში ავტომანქანებით გადაადგილებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მისცა. "ყველა უწყებამ მიიღო გაფრთხილება და იმედი გვაქვს, მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, მთაწმინდის პარკსაც აღარ აქვს პრეტენზიები", - აცხადებენ სააგენტო ინტერპრესნიუსთან ინტერვიუსას მთავრობის კანცელარიაში.

მთაწმინდის პარკის დორექტორი ირაკლი სასანია აცხადებს, რომ პრობლემა ამ დროისთვის ამოწურულია. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სასანიას წერილი კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის მიმართ, სადაც პარკის დირექტორი მას სთხოვდა გაეფრთხილებინა სამთავრობო უწყებების პირველი პირები, აღარ მოეთხოვათ პარკის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს გადაადგილება, რაც პარკის ვიზიტორებს პრობლემებს უქმნიდა.

"სხვადასხვა სამთავრობო უწყების პირველი პირები, სისტემატურად, ნებისმიერ დროს, ითხოვენ გადაადგილებას პარკის ტერიტორიაზე, რესტორნის მიმართულებით. ამის გამო პარკის ვიზიტორებს ექმნებათ სერიოზული დისკომფორტი, რის გამოც ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას. დაგვერწმუნეთ, ნამდვილად არ გამოიყურება ესთეტიურად დაცვის თანმხლები შავი ჯიპების კოლონა ბავშვებითა და უცხოელებით სავსე პარკის შუაგულში. მოგეხსენებათ, ასეთ პრეცედენტს ვერ ნახავთ მსოფლიოს ვერც ერთ პარკში", - წერდა სასანია.

პარკის დირექტორის თქმით, სამთავრობო უწყებებს მანქანების გაჩერება სულ რაღაც 20-30 მეტრის დაშორებით, რესტორნის კლიენტებისთვის გამოყოფილ პარკინგის ადგილას შეუძლიათ, თუმცა ისინი მაინც ითხოვენ პარკის ტერიტორიაზე ავტომანქანით შესვლას.

კომენტარები