სანამ ბალეტების შექმნას დაიწყებდა, იორმა ელო რამდენიმე პრესტიჟული დასის მოცეკვავე იყო და კიდევ უფრო ადრე, როგორც ბევრი ფინელი ბავშვი, ჰოკეისტობაზე ოცნებობდა, მანამდე, სანამ ერთ დღესაც უფროს დებს არ მიაკითხა ბალეტის გაკვეთილზე და ცეკვით არ დაინტერესდა. დღეს მის სახელს მსოფლიოს ყველაზე დიდი თანამედროვე ქორეოგრაფების გვერდით მოიხსენიებენ და ელოს ბალეტების დადგმის უფლების მოპოვების პატივიც მხოლოდ გამორჩეულ თეატრალურ კომპანიებს აქვთ. მათ ჩამონათვალში კი წელს ნინო ანანიაშვილის თბილისის საბალეტო დასიც მოხვდა.

იორმა ელოსთვის პირველი საბალეტო შთაბეჭდილება სხივის პირველ გაელვებასთან ასოცირდება და ასე უწოდა კიდეც თავის ერთ-ერთ პირველ ქორეოგრაფიას – First Flash, რომლის ნახვის საშუალებაც ქართველ მაყურებელს 29-30 ივნისს, საბალეტო სეზონის დახურვის წინ მიეცა.

First Flash ერთაქტიანი ბალეტია და მისი მოქმედება სრულ სიჩუმესა და სიბნელეში იწყება. მუსიკის გარეშე ცეკვას თავად ელო კაფკასეული კონცეფციით ხსნის: „როდესაც მუსიკა ჩერდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრდება, ის სიჩუმეში განაგრძობს არსებობას". First Flash უსიუჟეტო ნაწარმოებია და ქორეოგრაფიული ტექსტი არ გააჩნია, თუმცა, ავტორი თავის შემოქმედებას ისეთ კონცეპტუალურ ახსნას უძებნის, რომლის საფუძველსაც არა მხოლოდ მეოცე საუკუნის კლასიკოსების ნააზრევებში, პალეოქრისტიანი ავტორების შემოქმედებაშიც წავაწყდებით.

იორმა ელო ქართულ საბალეტო დასთან
ბალეტის მუსიკა ასევე ფინელი კომპოზიტორის, იან სიბელიურის სავიოლინო კონცერტზეა (D minor; Op. 47) დადგმული. ხმოვანი ნაწილი ამ დადგმაში უდიდეს როლს ასრულებს. ბალეტში მთავარ ემოციურ სათქმელს, ერთი შეხედვით, სწორედ ბგერები გადმოსცემენ და მოცეკვავეებიც ხშირად თითქოს გაცოცხლებული ნოტების ფუნქციას ითავსებენ.

ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუქ-ჩრდილების თამაშსა და დროდადრო მკვეთრ, თითქმის დამაბრმავებელ გაელვებებს, რომელიც არა მხოლოდ სცენას იპყრობს, დარბაზში მსხდომ მაყურებელსაც ჭრის თვალს.
დადგმა, ავტორისავე თქმით, ადამიანების შეხვედრებსა და დაშორებებზეა. „ეს ბალეტი პირველ შთაბეჭდილებებზეა, იმაზე, თუ როგორ დავიწყე ცეკვა, რატომ მოვისურვე ამის კეთება და აქედან წამოვიდა სახელიც – First Flash. ეს ქორეოგრაფია უკავშირდება ჩემს მშობლებსაც, იმ ადგილებს, საიდანაც მოვდივარ. ხშირად მოცეკვავეები ახლობლებს ტოვებენ და ძალიან შორს მიდიან, ალბათ იმიტომ, რომ მათი სიყვარული საქმისადმი იმდენად დიდია, რომ ეს აიძულებთ მიატოვონ ყველაფერი. ეს ქორეოგრაფია კი ალბათ ჩვენი მშობლებისთვის იმის გამოხატულებაა, რომ შეგვიძლია რაღაც ვაკეთოთ და ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყოს".

ბალეტში ექვსი მოცეკვავე მონაწილეობს. თბილისში საპრემიერო სპექტაკლი ნინო გოგუამ, ეკატერინე სურმავამ, თამთა ბახტაძემ, ერიკ ბუროუმ, დავით ანანელმა და მამუკა კიკალიშვილმა იცეკვეს.

იორმა ელოსთან მუშაობის პროცესსა და ამ დადგმის ქორეოგრაფიაზე ქართული სახელმწიფო ბალეტის წამყვან სოლისტს, ნინო გოგუას ვესაუბრეთ.

ნინო გოგუა: „ფიზიკურად და შესასრულებლად ეს ქორეოგრაფია უმძიმესია. თავიდან, როდესაც ეს ბალეტი ვნახე, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, იყო – ნუთუ, შეიძლება ადამიანმა ასეთი სისწრაფით იმოძრაო? ესაა საკმაოდ ტეხილი და სწრაფი მოძრაობების სინთეზი, რომელიც, ძირითადად, მოდერნ ბალეტის ტრადიციებზეა დაფუძნებული, თუმცა ამ ქორეოგრაფიაში იყო ტაიჩის, იოგას ელემენტებიც, რომელსაც ელო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

იორმა ელო

მსგავს სტილთან პირველად მოგვიწია შეხება, აქედან გამომდინარე, რთული იყო ბალანსის შენარჩუნება. თუმცა, საბედნიეროდ, მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო გამოდგა. იორმა ელოსთან ერთად, დამდგმელი ქორეოგრაფი კრისტოფ დოზი ინდივიდუალურად გვარგებდა ამ დადგმას. იშვიათად მიმიღია ასეთი სიამოვნება რეპეტიტორთან მუშაობისგან, კრისტოფმა იცოდა, როგორ უნდა მოეტანა ჩვენამდე ეს ახალი ქორეოგრაფია. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლაში არ გავდივართ მოდერნს, ეს ცოტა რთულია ხოლმე ჩვენთვის, მან კი ათასჯერ აგვიხსნა, გვანახა თითოეული მოძრაობა, რომ გაგვეგო, გაგვეთავისებინა და გვეგრძნო ეს ტექნიკა".

ბალეტის ქორეოგრაფიაში დიდი ადგილი უჭირავს ქალისა და მამაკაცის ცეკვას. თუმცა First Flash წმინდა ჩრდილოური ბალეტია, ჩრდილოური ტემპერამენტით, სადაც მოცეკვავეები ვნებებს თითქმის არ გამოხატავენ და ცეკვავენ ემოციების გარეშე, ხშირად ხისტი მოძრაობებით და სათქმელს გადმოსცემენ იმ ქორეოგრაფიული ენით, რომლის ავტორიც დღეს უკვე შეუძლებელია აგერიოს სხვა ბალეტმაისტერებში.

ნინო გოგუა: „სანამ ქორეოგრაფიაზე მუშაობას დავიწყებდით, ბუნებრივია, დავსვით კითხვა, თუ რაზე იყო ეს ბალეტი, მაგრამ ასე კონკრეტულად არაფერი უთქვამს, უბრალოდ, სამივე წყვილს განსხვავებული მინიშნებები მოგვცა. ადაჯოებში ზოგ წყვილს უნდა ჰქონოდა ერთმანეთისადმი აგრესია, უნდა გადმოგვეცა კონფლიქტური სიტუაციები, ოჯახური მდგომარეობა, ბედნიერი, უბედური, მოკამათე წყვილები. „თქვენ ვერ იტანთ ერთმანეთს, პრობლემა გაქვთ და უნდა გადაჭრათ, ქალი კამათში ყოველთვის არის პირველი, რადგან ბევრს ლაპარაკობს და მამაკაცი იმისთვისაა, რომ ეს უნდა მოისმინოს", – უფრო ასეთი, ყოფითი მინიშნებები იყო და დანარჩენი ჩვენ მოგვანდო. ეს არის ძალიან მკაცრი ბალეტი: „აქ უნდა იყოთ რუსი ჯარისკაცებივით და უბრალოდ უნდა ასრულებდეთ გარკვეულ დავალებას", – ზოგჯერ ასეც კი გვეუბნებოდა და მეც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მთავარ სათქმელს ქორეოგრაფია ამბობს თავის თავზე და ეს აღარ საჭიროებს დამატებით ემოციებს".

გარდა ქორეოგრაფისა, საკუთარ სპექტაკლებზე მუშაობისას, იორმა ელო გამნათებლის, სცენოგრაფისა და კოსტიუმების მხატვრის ფუნქციასაც ითავსებს. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქორეოგრაფია. ბალეტებს დგამს ისეთი პრესტიჟული დასებისთვის, როგორებიცაა ABT-ის (ამერიკული ბალეტის თეატრი), მოსკოვის ბოლშოის, ვენის ოპერის,დანიის სამეფოს, ნორვეგიისა და ფინეთის სახელმწიფო თეატრების კომპანიები. მისი ტიტულების სია ძალიან გრძელია: არის ჰელსინკის საბალეტო კონკურსის გამარჯვებული, საერთაშორისო ჯილდოების – Benois de la Danse-ისა და რუდოლფ ნურიევის პრიზის, ფინეთის სახელმწიფო პრემიის მფლობელი. 2006 წელს კი ჟურნალმა Pointe Magazine საბალეტო სამყაროს VIP ადამიანად დაასახელა.

First Flash-ის პრემიერა, 2003 წელს, ნიდერლანდების ცეკვის თეატრში შედგა – ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეატრალური დასი, რომლის რეპერტუარიც თანამედროვე წამყვანი ქორეოგრაფების ნამუშევრების სიუხვით გამოირჩევა. შემდგომში ეს ბალეტი არაერთ დიდ სცენაზე დაიდგა და მისმა ქართულმა პრემიერამაც ნამდვილად გაამართლა მოლოდინი.

ნინო გოგუა: „ქორეოგრაფები ჩვენი შესრულებით კმაყოფილები დარჩნენ და თქვეს, რომ რუს მოცეკვავეებზე არანაკლებ კარგად ვიცეკვეთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვესიამოვნა. ეს ჩვენი მუშაობის ხარისხზე მეტყველებს. ელო დღეს ერთ-ერთი წამყვანი ქორეოგრაფია და ნამდვილად კარგი რამ გაკეთდა მისი აქ ჩამოყვანით. ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, მოცეკვავეებისთვის, რადგან აუცილებელია, რეპერტუარი იყოს მრავალფეროვანი. გარდა ამისა, დასის წევრებთან ერთად იზრდება მაყურებელიც, რომელიც ხედავს, რომ ის, რაც დღეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშია, ჩვენც გვაქვს".

კომენტარები