სასჯელაღსრულების დაწესებულებები

სუბარის მტკიცებით, ციხეში ”გრძელვადიანი პაემნების” ვიდეოკადრები იპოვეს

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის მტკიცებით, სამინისტრომ გრძელვადიანი პატიმრების ოთახში "მეუღლესთან ცხოვრების სცენები" აღმოაჩინა.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ვიდეოჩამწერები გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, სადაც ზოგიერთი პატიმრის მის მეუღლესთან ცხოვრების სცენები ჰქონდათ გადაღებული", - განაცხადა სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოკადრები პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასაშანტაჟებლად გამოიყენებოდა.

"არის თემები, რომელზეც საუბარი არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა გამეახლებინა ტკივილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ რადგანაც ნაციონალური მოძრაობა არ ჩერდება და მათთვის წესით ყველაზე მტკივნეული თემა რაც უნდა ყოფილიყო, იმაზეც კი ბედავს ლაპარაკს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ზოგიერთ დაწესებულებაში, ვიდეოჩამწერები თვით გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, სადაც ზოგიერთი პატიმრის მის მეუღლესთან ცხოვრების სცენები ჰქონდათ გადაღებული. ისინი ამას იყენებდნენ ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შანტაჟისთვის", - განაცხადა სუბარმა.

გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აკაკი მინაშვილმა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის სქემა გამოაქვეყნა. 

მინაშვილის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. რეზბალნიცას კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად ტარასა მართავს. ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი, იგივე ხალვა, ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი. პარტიის ინფორმაციით, ქსნის ციხეში, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი. 

გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე მაისა. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი აკონტროლებს.
რუსთავის #17 დაწესებულებას კი, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც, მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული. 

ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე, იგივე პრაკოლა, არიან. ზურაბ ბრეგაძე გაერო-ს თანამშრომლის მარია ბრილსკას მკვლელობისთვისაა გასამართლებული. 

 

 

კომენტარები