საქართველოს პრეზიდენტი

ბობოყვათის რეზიდენცია ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სამხედროებს გადაეცათ

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

ბობოყვათის რეზიდენცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და სამხედროებს დასასვენებლად გადასცა. სააკაშვილმა ამის შესახებ ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები დასასვენებლად დაპატიჟა. მიხეილ სააკაშვილი მათ დღეს საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად გაუმასპინძლდა.

"ეს რეზიდენცია, რომელიც არის ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროზე იყო ცეკას მდივნის რეზიდენცია, მერე ასლან აბაშიძის, მერე საქართველოს პრეზიდენტის. რეზიდენცია, სადაც მე საკმაოდ იშვიათად ვჩერდებოდი და ბოლო ერთი წელი პრაქტიკულად არც ვყოფილვარ, გადავცეთ დასასვენებელ სახლად ომში დაღუპულების ოჯახის წევრებს, ისევე, როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს. პატარა შეცვლა დასჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ აქ დადიოდნენ ჩვენი სამხედროები თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, დადიოდნენ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილები რეაბილიტაციისთვის და იმ სამხედროების ოჯახის წევრები, ვინც თავი შესწირა სამშობლოს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები