ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანია

ნინო ბურჯანაძე: "ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობა"

Nino Burjanadze

„არ უნდა შეგვეშინდეს, რომ პრორუსულებს დაგვიძახებენ."- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში საუბრისას.

"დღეს, როდესაც დადგა სასწორზე ნატო, თუ ტერიტორიები, ჩვენ უნდა ვუთხრათ დასავლეთს, რომ ჩვენთვის ქვეყნის ერთიანობა და ტერიტორიები არის განუზომლად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციაში ილუზორული, სიზმარისეული და საოცნებო წევრობა.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კეთილი ურთიერთობები დასავლეთთან, პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თანამშრომლობა ნატო-სა და ევროკავშირის სტრუქტურებთან. ნატო-სთან რუსეთი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს და რუსეთმა თავისი ტერიტორია ნატო-ს ბაზებს მისცა იმისათვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თვითმფრინავებმა გაიფრინონ და ავღანეთში ტვირთი გადაიტანონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

დასავლელ პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობა. არ უნდა შეგვეშინდეს, რომ პრორუსულებს დაგვიძახებენ.

დღევანდელი ხელისუფელბა შეშინებულია, ყოველ ნაბიჯზე და რუსეთის ყოველ ხსენებაზე უკან დასავლეთისკენ იყურება, არ დაგვაბრალონ, პრორუსულები ვართო იმდენად, რომ როცა დიცში საზღვარი გადმოიწია, კაციშვილს არ აუღია ტელეფონი და არ დაურეკავს რუსეთის ოფიციალურ პირებთან და არ უკითხავს, ხალხნო, ჩვენ ხომ მეგობრობის ხელის გამოწვდა დავიწყეთ და რატომ გადმოგვიწიეთ საზღვარი ჩვენს ტერიტორიაზე", - აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარები