ტაბულა

პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტი უკანონოდ გაჩხრიკა და მასალა გაუნადგურა

ტაბულა

დღეს, 24 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 წუთზე, კოსტავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში, ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტი გიორგი სიხარულიძე პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა.

გიორგი სიხარულიძემ ტელეკომპანიიდან გამოსვლის მომენტში, მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა საპატრულო პოლიციის ხუთამდე ავტომანქანა. პოლიციას ადგილზე დაკავებული ყავდა რამდენიმე პირი. ტაბულას ჟურნალისტი მანქანაში ჩაჯდა, მომხდარი მობილურით გადაიღო და გზა განაგრძო. სწორედ ამ დროს, 100 მეტრის გავლის შემდეგ, ის გააჩერეს, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას ჩამოართვეს მობილური, საიდანაც წაშალეს გადაღებული ვიდეომასალა. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შკოდას მარკის შავი ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, სიხარულიძეს მობილურის ჩამორთმევით ემუქრებოდნენ. მობილურიდან მასალის წაშლის მომენტში, მათ სიხარულიძეს მიმართეს კითხვით: „გინდოდა ინტერნეტში დაგედო და გეღადავა, ხო?"

გიორგი სიხარულიძემ პოლიციის თანამშრომლებს ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ განუცხადა, რომ ჟურნალისტია. მას აინტერესებდა, როგორ ექცევა პოლიცია მოქალაქეებს, რადგან მსგავსი ტიპის შემთხვევები უკანასკნელ პერიოდში გახშირდა. საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აჩერებს და მათ ჩხრეკას იწყებს. მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა შეიტყეს სიხარულიძის პროფესიისა და სამუშაო ადგილის შესახებ, მას აგდებულად ურჩიეს მომავალში „პრესკარტის" ტარება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სიხარულიძის გაჩერება და ჩხრეკა, ისევე როგორც მობილურიდან მასალის წაშლა პოლიციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, - რაც არ მომხდარა. ასევე მოვალეა წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება - რას ასევე არ მომხდარა.

ტელეკომპანია „ტაბულა" მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტ გიორგი სიხარულიძის უკანონო ჩხრეკის, შეურაცხყოფისა და მობილურიდან მასალის წაშლის ფაქტი და დასაჯოს დამნაშავეები.

კომენტარები