რეიდები თბილისში

შსს "ტაბულას" ჟურნალისტის მიმართ კანონდარღვევას უარყოფს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა „ტაბულასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ "ტაბულას" ჟურნალისტის მიმართ კანონდარღვევა არ დადასტურდა. შს სამინისტროს წარმოამდგენლის თქმით ამ საკითხზე ჩატარდა მოკვლევა და პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ დადასტურდა. მან ასევე დასძინა, რომ პოლიცია ქალაქში არანაირ განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს და ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

24 აგვისტოს, ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტი გიორგი სიხარულიძე პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, გაჩხრიკა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა. გიორგი სიხარულიძემ ტელეკომპანიიდან გამოსვლის მომენტში, მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა საპატრულო პოლიციის ხუთამდე ავტომანქანა. პოლიციას ადგილზე დაკავებული ყავდა რამდენიმე პირი. ტაბულას ჟურნალისტი მანქანაში ჩაჯდა, მომხდარი მობილურით გადაიღო და გზა განაგრძო. სწორედ ამ დროს, 100 მეტრის გავლის შემდეგ, ის გააჩერეს, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას ჩამოართვეს მობილური, საიდანაც წაშალეს გადაღებული ვიდეომასალა. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შკოდას მარკის შავი ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, სიხარულიძეს მობილურის ჩამორთმევით ემუქრებოდნენ. მობილურიდან მასალის წაშლის მომენტში, მათ სიხარულიძეს მიმართეს კითხვით: „გინდოდა ინტერნეტში დაგედო და გეღადავა, ხო? "გიორგი სიხარულიძემ პოლიციის თანამშრომლებს ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ განუცხადა, რომ ჟურნალისტია. მას აინტერესებდა, როგორ ექცევა პოლიცია მოქალაქეებს, რადგან მსგავსი ტიპის შემთხვევები უკანასკნელ პერიოდში გახშირდა. საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აჩერებს და მათ ჩხრეკას იწყებს. მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა შეიტყეს სიხარულიძის პროფესიისა და სამუშაო ადგილის შესახებ, მას აგდებულად ურჩიეს მომავალში „პრესკარტის" ტარება.

ტელეკომპანია „ტაბულა" მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტ გიორგი სიხარულიძის უკანონო ჩხრეკის, შეურაცხყოფისა და მობილურიდან მასალის წაშლის ფაქტი და დასაჯოს დამნაშავეები.  

 

კომენტარები