რელიგიის თავისუფლება

წულუკიანი: მოგვიწევს ვიმსჯელოთ, უნდა იყოს თუ არა მინარეთები ქვეყანაში

0 კომენტარი
თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში არსებული მინარეთის დემონტაჟის კომენტირებისას განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას ადრე თუ გვიან ქვეყანაში მინარეთების ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტა მოუწევს. 

"ადრე თუ გვიან, ქართულ საზოგადოებასაც მოუწევს იმსჯელოს, უნდა იყოს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მინარეთები. მინარეთების თემა არ უნდა იყოს ტაბუდადებული და საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თემაზე ყველა მხარის ჩართულობით. მინარეთზე არ არის დამოკიდებული, იქნება თუ არა მეჩეთში ლოცვა. ჭელაში არსებულ მეჩეთში ლოცვას ხელი არ ეშლება", - აღნიშნა წულუკიანმა.

 ამასთან წულუკიანი ამბობს, რომ თუ საბაჟოზე მებაჟეებს ტვირთი "გაეპარათ", მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

"თუმცა ამის მიუხედავად, მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, შემეშინდებოდა შევხებოდი თუნდაც უკანონოდ მიშენებულ მინარეთს. ადიგენის საკრებულო და გამგეობა ჯერ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მოედანია. "ნაციონალური მოძრაობა" კი, რელიგიურ დაწესებულებებზე აგრესიას წარსულიდანვე მიჩვეულია. უკანონო კონსტრუქციები, რასაკვირველია, არ უნდა აღიმართოს. ჩემი სურვილი იქნებოდა, ამგვარი საკითხების პრევენცია და არა აღმართული მინარეთის დემონტაჟი", - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მინარეთს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. მინისტრი წულუკიანისთვის მიუღებელია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ის ფორმებიც, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი.

"მინდა მოვუწოდო ყველა მუსლიმს და განსაკუთრებით მუფთებს, მე ვიქნებოდი შეურაცხყოფილი იმ ყველაფრით, რაც მოხდა, მაგრამ დანანებით მინდა განვაცხადო, რომ მუსლიმმა სასულიერო პირებმა ერთ ღამეში დაუშვეს მინარეთის აღმართვა ისე, რომ არავინ ჩააყენეს საქმის კურსში – არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც ადგილობრივი ხელისუფლება. ნებისმიერი ნაგებობების მშენებლობა ურთიერთობის სხვა ფორმას მოითხოვს, თუმცა დემონტაჟის ეს ფორმა, ჩემთვის მაინც მიუღებელია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რატომ უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში მუსლიმურ თემს ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი რელიგიური ნაგებობაზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ, როცა ასეთ მოთხოვნას კანონი არ აყენებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები