დაკითხვა

შაშკინი მზადაა, პროკურატურაში გამოცხადდეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს

დიმიტრი შაშკინი
tabula.ge

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, განაცხადა, რომ მზადაა პროკურატურაში გამოცხადდეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ის საქართველოში დღეს დაბრუნდა. მისი თქმით, ფაქტი, რომ თითქოს ციხეებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება და აბსურდია.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები, ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა. კალმახელიძე პროკურატურაში გამოცხადდა, შაშკინი კი იმ დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა.

პროკურატურამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში სისტემატურად, ყოველდღიურად და ჯგუფურად ხდებოდა, როგორც საკნებში, ასევე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა.

"2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი", - ეწერა განცხადებაში.

დიმიტრი შაშკინს პროკურატურისგან უწყება ჯერ არ მიუღია.

"როგორც ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, როდესაც პოლიტიკურ შურისძიებას იწყებ, ორი საფლავი უნდა გათხარო, ერთი შენთვის, ერთი - შენი მოწინააღმდეგისთვის და ეს გზა არასად არ მიგვიყვანს. თუ ჩვენ ხალხს სამუშაო ადგილები შეექმნება იმით, რომ შაშკინს ან სხვა ადამიანს დახვრეტენ, ეს გასაგებია. სამწუხაროდ, ეს არ მოხდება და ბოლო 10 თვე ამაზე მიუთითებს", - თქვა შაშკინმა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ეწერა, რომ უახლოეს მომავალში საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა წამების საქმეზე ბაჩანა ახალაიაც დაიკითხება.

 

 

კომენტარები