პიაცას ინციდენტი

სააკაშვილი პიაცას ინციდენტზე: ეს არის სახელმწიფოს მიერ გაკეთებული აქტი

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიაცაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. წარსულში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ ბათუმის ბულვარში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაცვის წევრებთან დაპირისპირება მოჰყვა.

"ასეთი კეთილგანწყობა, რაც მე მხვდება ბათუმში ბოლო დღეებში - ეს ნახა ერთმა კაცმა, ზოოპარკის დირექტორმა  ტელევიზორში და ეტყობა არ მოეწონა. გამოუშვა ერთ-ერთი გალიიდან თავისი ჩაცუცქული ელემენტები. ჩამოვიდა გუშინ მთელი ბრიგადა, გადაუხადეს სასტუმროს ფული, სამივლინებო ხარჯები, სასამართლო ხარჯები - ასი ლარი ღირს პრეზიდენტის შეურაცხყოფა, რუსი დეპუტატის - ათასი ლარი. რუსი დეპუტატის, რომელიც აფხზაზეთის ომში ჩვენ წინააღმდეგ იყო. დინამოს სტადიონზე დაიჭირეს ახალგაზრდები, რომელთაც იქიდან 500 მეტრში პლაკატი ეჭირათ ხელში ,1000 ლარით დააჯარიმეს. 
მე ყველგან ვივლი, ყოველ საღამოს მივდიოდი ხალხში, მე პრობლემა არ მაქვს, დაცვის გარეშეც ვივლი. მაგრამ პრობლემა აქვს ქვეყანას, ბევრი ასეთი აქტიურობით, ბევრი ქაოსის შექმნის მცდელობით, არეულობის შექმნის მცდელობით. იმიტომ, რომ ამას ყველაფერს აქვს კონკრეტული ფასი - გაჩერებული წარმოებები, დაპირებული შემოსავლები, უსაფრთხოების განცდის მოშლა საქართველოში. 
გუშინ რაც მოხდა, ხალხმა, ჩემი თვალით ვნახე, გააძევა ისინი. მაგრამ მოდით, ხალხს ნუ ააღებინებთ ხელში ამას. ერთი პოლიციელი არ იყო გარშემო სპეციალურად, ასეთ ხალხმრავალ ადგილას. ეს რაზე მეტყველებს - ეს არის სახელმწიფოს მიერ გაკეთებული აქტი",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი დღეს შედგა. მას ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - წვრილმანი ხულიგნობა ედებოდა. ვაჩნაძე 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები