სირიის კონფლიქტი

აშშ და მისი მოკავშირეები სირიაზე გამაფრთხილებელ იერიშს მიიტანენ

bbc.co.uk

ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ და მისი მოკავშირეები სირიაზე გამაფრთხილებელ იერიშს მიიტანენ, რათა ასადის მთავრობამ მომავალში ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუმცა, ობამას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როდის დაარტყამს სირიას. მისი თქმით, ეს არ იქნება ერაყის მსგავსი სამხედრო ინტერვენცია, ეს იქნება სადამსჯელო და გამაფრთხილებელი ოპერაცია, რათა მომავალში დასავლეთის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

 ”ჩვენი მესიჯი ძალიან მტკიცე და მკაფიოა, ჩვენ გვსურს, ვუთხრათ ყველას შეწყვიტოს ქიმიური იარაღის გამოყენება. მე ვფიქრობ ამ ნაბიჯს პოზიტიური შედეგი მოყვება, როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ასევე მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენების კუთხითაც.” - აღნიშნავს ობამა.

გაეროს გენერალური მდივანის, ბან კი მუნის, თხოვნის მიუხედავად, ევროპა და ამერიკა დაელოდოს ექსპერტების საბოლოო დასკვნას, დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანოს. დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია - მიიჩნევენ, რომ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ასადი სასტიკად უნდა დაისაჯოს. სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება თურქეთი და ისრაელიც.

 თურქეთის სამხედრო ძალები შესაძლო იერიშისთვის მობილიზებულები არიან. საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს დასავლეთს და მზადაა ქვეყნის ინტერესები დაიცვას. ისრაელი სირიაში ინტერვენციის შემთხვევაში, საპასუხოდ შესაძლო საჰაერო თავდასხმას მოელის და თავდაცვისთვის ემზადება. სირიის მთავრობა კი კვლავ უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. ბაშარ ალ ასადის თქმით, ეს პროვოკაციაა და სამხედრო დარტყმა კარგს არაფერს მოუტანს მსოფლიოს.

აქციები სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში საპროტესტო აქციები გაიმართა.

სირიაში სამხედრო ინტერვენციის სასტიკი წინააღმდეგია ირანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბაშარ ალ ასადზე თავდასხმა შუა აღმოსავლეთში სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა აჰ ხამენეის, თქმით, სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში სირია ისრაელს დაარტყამს, რაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. ომის დაწყების შემთხვევაში ირანი სირიის მხარდაჭერას აპირებს, რომელიც მასთან ერთად წინააღმდეგობის ფრონტის წევრი ქვეყანაა.

სირიაში ინტერვენციის წინააღმდეგია დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიაც, რომელიც მიიჩნევს, რომ გაეროს საბოლოო დასკვნამდე სამხედრო იერიში დაუშვებელია.  ასადთან დაპირისპირების წინააღმდეგია თურქეთის საზოგადოების ნაწილიც, მათი აზრით ეს თურქეთ-სირიის ომს გამოიწვევს, რომელიც წლების მანძილზე გაგრძელდება.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ქვეყნის სუნიტურ უმრავლესობასთან დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც ორ წელზე მეტია გრძელდება. ამ პერიოდში სირიაში 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. გასულ კვირას ასადმა, სავარაუდოდ, აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები