აღმსარებლობის თავისუფლება

8 არასამთავრობო: ჭელაში უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები

0 კომენტარი
სოფელ ჭელას მეჩეთი ფოტო: ”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

8 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები.

ორგანიზაციები განსაკუთრებით შემაშფოთებელის უწოდებენ ჭელას მინარეთის მოშლასთან დაკავშირებით იუსტიციიის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ მუსლიმებს მინარეთების გარეშეც შეუძლიათ ილოცონ, ხოლო მათი მშენებლობის უფლება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მათი თქმით, ასევე შეშფოთებას იწვევს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა აქცენტი პრობლემის რეალური არსის მიჩქმალვა და მისი პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების ჭრილში გადატანაა.

”შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და დისკრიმინაციის გახშირებული ფაქტებიდან, ჭელაში მომხდარი ინციდენტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ყველაზე მწვავე შემთხვევად იქცა. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია ჩატარებული ღონისძიების მიზეზების შესახებ, ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს და ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს მიღმაა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მუსლიმების მიერ მინარეთის განბაჟებისას არანაირი ფინანსური ზარალი არ განუცდია, თუმცა ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაშიც, სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ მინარეთის დემონტაჟის უფლებამოსილება.

მიგვაჩნია, რომ 2013 წლის 26 აგვისტოს საბაჟო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებისას მოხელეთა ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაც აუცილებლად უნდა გახდეს საქართველო მთავარი პროკურატურის ძიების საგანი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო მოქმედებებმაც უხეშად ხელყვეს სოფელ ჭელას მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.” - ნათქვამია განცხადებაში.

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამართლებრივად მიმოიხილა მოვლენები და დასკვნის სახით განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიება ატარებდა უკანონო ხასიათს, იყო დაუსაბუთებელი და დაარღვია როგორც დავით ჩოგაძის საკუთრების უფლება, ასევე ხელყო მუსლიმი მოსახლეობის რწმენის თავისუფლება.

”მიუხედავად იმისა, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში სახელმწიფოს არ განუცდია არანაირი ფინანსური დანაკლისი, ჩატარებული ოპერაციის მასშტაბები და მოცულობა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების უგულვებელყოფა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადის შესაძლო დანაკლისის დადგენა და ბიუჯეტში მიმართვა

ჭელაში მომხდარი ინციდენტი სცილდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკანონო მოქმედებას და რელიგიური უმცირესობებისადმი მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის უკიდურესად შემაშფოთებელ სიმპტომად გვევლინება.” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ფონდი ALPE

მრავალეროვანი საქართველო

ვრცლად: არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები