რელიგიის თავისუფლება

მუსლიმებმა ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად ტერიტორია შემოსაზღვრეს

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

მუსლიმებმა დღეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, მეჩეთისთვის ტერიტორია შემოსაზღვრეს და ლოცვა აღავლინეს. მათი თქმით, ბათუმში მოქმედი მეჩეთი მორწმუნეებს ვერ იტევს, რის გამოც კიდევ ერთი უნდა აშენდეს.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის თქმით, ახალი მეჩეთი ქართული არქიტექტურული ორნამენტებით, მორწმუნეთა მიერ შემოწირული თანხით აშენდება.

"უკვე ვილოცეთ, ეს არის ახალი მეჩეთის ტერიტორია და მას ვერავინ შეეხება. მეჩეთი ქართული არქიტექტურული ორნამენტებით აშენდება. პროექტს წარვუდგენთ სახელმწიფოს და მრევლის მიერ შემოწირული თანხით ავაშენებთ. ჩვენ არ ვთხოვთ სახელმწიფოს თანხებს მეჩეთის აშენებისთვის, თუმცა, მართლმადიდებლებს შემოწირულობისკენ მოვუწოდებთ", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

მუფთის, ასლან აბაშიძის, თქმითაც, გაიხსნა საქველმოქმედო ფონდი ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის და მუსლიმები მას საკუთარი სახსრებით ააშენებენ.

სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს მოადგილე ადამ შანთაძე იმედოვნებს,რომ ხელისუფლება მუსლიმთა თხოვნას გაითვალისწინებს და უმოკლეს ვადაში ახალი მეჩეთი აშენდება.

"დღეს, პარასკევის ლოცვამდე მრევლის მოთხოვნა იყო ჩვენი სამმართველოს და ხელისუფლების მიმართ, რომ მეჩეთი ავაშენოთ. ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა, რამდენიმე ათეული წელია ბათუმში არის მეჩეთის საჭიროება, რადგან ბათუმის ერთადერთი მეჩეთი ფიზიკურად არ ჰყოფნის ხალხს. წვიმაში, ქარში ავდარში, ფაქტობრივად, ვერ ვასრულებთ ლოცვას. დღეს აქ შივიკრიბეთ, თავისუფალ ტერიტორიაზე. ეს არ არის კომფორტი, ეს არის საჭიროება, რომ განიტვირთოს არსებული მეჩეთი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება მუსლიმთა თხოვნას გაითვალისწინებს, ისევე, როგორც გაითვალისწინა ჭელის მეჩეთის დაბრუნების საკითხი და უმოკლეს ვადაში ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთი აიგება", - აღნიშნა ადამ შანთაძემ.

ბაგრატიონის ქუჩაზე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იყო. მუსლიმთა შეკრება ინციდენტის გარეშე დასრულდა.

კომენტარები