სირიის კონფლიქტი

ობამა: ბაშარ ალ-ასადმა საკუთარი ხალხის დახოცვაზე პასუხი უნდა აგოს

reuters.com

ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში „შეზღუდულ მოქმედებებს“ განახორციელებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, თეთრი სახლი სირიაში სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას არ განიხილავს. თუმცა, ბაშარ ალ-ასადმა საკუთარი ხალხის დახოცვაზე პასუხი უნდა აგოს.

"ჩვენ ვერ მივიღებთ მსოფლიოს, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მოქალაქეები გაზით მოწამლეს. მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს", - თქვა ბარაკ ობამამ.

ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ 21 აგვისტოს დამასკოში იარაღის გამოყენება მსოფლიოსთვის გამოწვევაა და აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ, სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციაზ დაყრდნობით, თქვა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას 1429 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 426 ბავშვია.  

შეგახსენებთ, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გაეროს ექსპერტთა ჯგუფი იძიებდა, რომელმაც მუშაობა 30 აგვისტოს დაასრულა. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის თქმით, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას ორი კვირა დასჭირდება.

სირიაში სამხედრო ინტერვენცია დიდმა ბრიტანეთმა გადაიფიქრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, კი თქვა, რომ მიუხედავად ბრიტანეთის უარისა, საფრანგეთი ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სამხედრო მოქმდებების დასაწყებად მზად არის.

 

კომენტარები