რელიგიის თავისუფლება

TDI: საპატრიარქოს განცხადება სახელმწიფოს უფლებამოსილებაში უხეში ჩარევაა

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ტოლერანტობის და მრავლაფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის თაობაზე,  განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის თქმით, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მინარეთის უკანონო დემონტაჟს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება არ მოჰყოლია.

2013 წლის 28 აგვისტოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებსა და მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მინარეთი უნდა “დასაწყობდეს სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ.” გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს “მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის”. უკანასკნელი ინფორმაციით, მინარეთის რესტავრაცია არ მომხდარა. ის სოფელ ჭელასგან 2 კილომეტრის მოშორებით დაილუქა და დაცვის პოლიცია იცავს. 

განცხადებაში ასევე წერია:

1. მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება ა) ეწინააღმეგება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას არეგულირებს, სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში. ასეთ უფლებებს განეკუთვნება რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუცის მე-9 და მე-19 მუხლებით პირდაპირაა გარანტირებული. საპატრიარქოს მხრიდან სხვა კონფესიების საკულტო მსახურების რეგულირების მცდელობა, სახელმწიფოს, კონსტიტუციისა და არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით, სახელმწიფოს უფლებამოსილებაში უხეში ჩარევაა. ბ) უხეშად ერევა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეში. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ყოფნა-არყოფნის საკითხს არეგიულირებს საქართველოს კანონმდებლობა. დაუშვებელია, ამ საკითხზე, კანონის გვერდის ავლით რაიმე გადაწყვეტილების მიღების მცდელობა. კანონის აღსრულება არ არის და ვერ იქნება დამოკიდებული რელიგიურ ორგანიზაციათა შეთანხმება - შეუთანხმებლობაზე. 

2. საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების აღსრულებით 1) ფაქტობრივად უარს ამბობს საკუთარ სუვერენულ უფლებაზე, აღასრულოს და დაიცვას კანონი საქართველოს ტერიტორიაზე; 2) საქართველოს საპატრიარქოს რელიგიურ საკითხებში არაფორმალურ არბიტრად აღიარებს, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას; 3) ნიგვზიანის, წინწყაროს, სამთაწყაროს შემთხვევების მსგავსად, კვლავ უშვებს შქმნილი პრობლემის კანონის მიღმა მოგვარების პრეცედენტს, სადაც პრობლემას აგვარებს ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს ლეგიტიმურობას; 4) საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისას შერჩევით და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ავლენს; 5) დგამს არაფორმალურ ნაბიჯს კონფესიური სახელმწიფოსკენ, რითაც ასევე ზიანს აყენებს საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას.


ორგანიზაციის თქმით, საპატრიარქოს განცხადება და ხელისუფლების მიერ მისი სამოქმედო საფუძვლად მიღება, რელიგიური დაწესებულების მხრიდან სახელმწიფო ჩარევის, სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა უფლებების ხელყოფის, დისკრიმინაციისა და საერო სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების შერყევის შემაშფოთებელ მცდელობას წარმოადგენს.

„დაუშვებლად მიგვაჩნია, საქართველოს მთავრობამ, საბოლოოდ, გამოუსწორებლად დატოვოს, მის მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომები. ასევე კონსტიტუციით აღიარებული სეკულარობის პრინციპისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნათა შელახვის საგანგაშო პრეცედენტები.“ - წერია განცხადებაში.

29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოში, მუსლიმთა სულიერი ლიდერებისა და კათალიკოსის შეხვედრის შემდეგ, საპატრიარქოს პრესსპიკერმა დავით შარაშენიძემ ”ერთობლივი განცხადება” გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მინარეთი სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე უნდა დასაწყობდეს, დაილუქოს და ”იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ”

კომენტარები