საზღვრის გადმოწევა

მთამსვლელები: რუსეთმა ყაზბეგის რაიონში საზღვარი გადმოსწია

გზაში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

მთამსვლელები მყინვარწვერზე ასვლას დევდორაკის მარშრუტით ვერ ახერხებენ. მთამსვლელის, გიორგი ხუციშვილის თქმით, რუსეთმა ყაზბეგის რაიონში საზღვარი გადმოსწია. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საუბრობს. მთამსვლელები მწვერვალზე ქართული ალპინიზმის დაარსებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ექსპედიციას გეგმავდნენ.

"ძალიან ცუდი ამბავი! რუსებმა ყაზბეგის რაიონში გადმოწიეს საზღვარი. თან აბსოლუტურად ულოგიკოდ არის გავლებული ხაზი. იმდენად უაზროდ არის გადმოწეული, რომ სასაცილოც კი არის. ყაზბეგის მყინვარიდან მაილის პლატომდე გადასასვლელი გზა და მთლიანად მაილის პლატო თავიანთკენ მოიქციეს. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ მყინვარწვერზე საქართველოს მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ასვლა. ქართული (და მთლიანად საბჭოთა) ალპინიზმის დაარსებიდან 90 წლის აღსანიშნავად ვაპირებდით ასვლას მყინვარწვერზე, დევდორაკის მყინვარის მარშრუტით და ჩვენმა მესაზღვრეებმა არ შეგვიშვეს. “,– ამბობს გიორგი ხუციშვილი.

შსს-ის პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი, აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მთამსვლელის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტის, შოთა მირიანაშვილის თქმით კი, 30 აგვისტოს საზღვრის საგუშაგოს ოფიციალური წერილით მიმართა. მათ უპასუხეს, რომ მყინვარწვერზე ასვლა დევდორაკის მარშრუტით ვერ მოხერხდებოდა, რადგან ეს ტერიტორია რუსეთის საზღვრებშია.

 "წელს ქართული ალპინიზმის 90 წლისთავია და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას განზრახული ჰქონდა, მყინვარწვერზე მარშრუტის განხორციელება იმ გზით, რომლითაც 23 წელს გიორგი ნიკოლაძე და დიდებულიძე ავიდნენ. 30 აგვისტოს გავაგზავნე ჯგუფი, რომელსა დევდორაკის მარშრუტის მდგომარეობა დაედგინათ, მასობრივი ასვლა მინდოდა ჩამეტარებინა. ვინაიდან ეს ტერიტორია საზღვრის ზოლში მდებარეობს, ოფიციალური წერილით საზღვრის საგუშაგოს მივმართე. მათ ჩვენი ჯგუფი მყინვარწვერზე არ შეუშვეს და და უკან დააბრუნეს, იმ მოტივით, რომ მყინვარწვერის ეს მისადგომები რუსეთის ფედერაციის საზღვრებშია. რაც დრო გადის, იმის გამო რომ ქართული მხარე არაფერს არ აკეთებს, რუსეთს ნელ-ნელა მთელი საზღვრები სამხრეთით გადმოაქვს.“ - აღნიშნავს მირიანაშვილი

მირიანაშვილის თქმით, ბოლოს მყინვარწვერზე 2003 წელს იმყოფებოდა და მაშინ დევდორაკის მარშრუტით მწვერვალზე ასვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სასტუმრო - ბეთლემის ქოხის დირექტორი, ზვიად ბეგლარიშვილი, ამბობს,რომ საზღვარი არავის გადმოუწევია და სიტუაცია უცვლელია.

„ჩემი ინფორმაციით, აქ არაფერი შეცვლილა. დევდორაკის მარშრუტით რომ  ახვიდეთ მყინვარწვერზე ამისთვის სასაზღვრო პოლიციიდან  საჭიროა ნებართვა. მე რამდენადაც მითხრეს, იმ ჯგუფს, რომელიც მწვერვალზე არ აუშვეს, არ ჰქონდათ ეს ნებართვა. ხოლო თუ მთამსვლელებმა ოფიციალური წერილით მიმართეს საზღვრის პოლიციას,მათ ნებართვა არ გასცეს ალბათ იმიტომ, რომ ეს ადგილები საზღვართან ძალიან ახლოსაა“ - აღნიშნა ბეგლარიშვილმა.

კომენტარები