მინარეთის მოხსნა

”სამართლიანი არჩევნები” თეა წულუკიანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“  სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის მოშლასა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და განცხადება გაავრცელა.

 ”სამართლიანი არჩევნები”  ხელისუფლებას მოუწოდებს ერთმნიშვნელოვნად დაგმოს და გაემიჯნოს დისკრიმინაციულ მიდგომას სხვადასხვა აღმსარებლობების მიმართ.  იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს კი მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ერთი კონკრეტული რელიგიის მიმდევრების დისკრიმინაცას წარმოადგენს. ”სამართლიანი არჩევნები” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს  პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები გამოიძიოს, მომავალში კი პოლიციამ თავი შეიკავოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაში არაპროპორციული ჩარევისაგან. ”სამართლიანი არჩევნების” თხოვნაა მართმადიდებლურმა ეკლესიამ თავი შეიკავოს იმ საქმიანობაში ჩარევისაგან, რომელიც სახელმწიფოს უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება და მოუწოდოს სასულიერო პირებს მეტი ტოლერანტულობისაკენ სხვა აღმსარებლობების მიმართ.

”საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და  არ არსებობს „სახელმწიფო რელიგიის“ ცნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები ცალსახად აცხადებენ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას და კრძალავენ ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას რელიგიური ნიშნით, სამწუხაროდ, არაერთხელ ჰქონდა ადგილი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სხვადასხვა გამოვლინებებს, მათ შორის მუსლიმთა ლოცვის რიტუალებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს. როგორც 2012 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში აღინიშნა,  გამოუძიებელი დარჩა დანაშაულის ნიშნების შემცველი რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი არაერთი ფაქტი. სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური რეაგირებისა და ხშირ შემთხვევაში უმოქმედობის შედეგია 2013 წლის 26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები.” - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“  განცხადებაში.

განცხადების სრული ვერსია.

კომენტარები