ივანიშვილის ღია წერილი

ივანიშვილი - პოლიტიკიდან წასვლა აუცილებელია, რათა მესიად არ ვიქცე

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა აუცილებელია, რათა ის მესიად არ იქცეს.

”მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს. ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა. საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც აშფოთებს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, ბევრია ისეთი, ვისაც სწორედაც რომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საერთო პროცესებზე, – ასეთებს ურჩევნიათ იყვნენ პასიურად მშვიდად და ყველაფრისთვის პასუხი აგოს სხვამ” - წერს საქართველოს პრემიერმინისტრი.

 ივანიშვილის განცხადებით მისი მთავრობაში დარჩენა საზიანო იქნება მომავლისთვის, რადგან მას საზოგადოებისგან გადაჭარბებული ნდობა აქვს. ეს კი სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. პრემიერმინისტრი სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლის მიზნებს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს

  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - "აზრის ლიდერების" პროფესიული ზრდა;
  • ადამიანური რესურსის, ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა; ინოვაციური იდეების  აკუმულირება და დანერგვა;
  • ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად.

 

”ამ გზით ჩვენ ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ეფექტიან მექანიზმსაც ვქმნით და საზოგადოებასაც ხელში ვაძლევთ ბერკეტს- იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე”- განმარტავს პრემიერმინისტრი.

 მისი თქმით ის ასევე აპირებს ახალგაზრდებთან იმუშაოს, რათა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობა გაზარდოს.   

 

კომენტარები