სირიის კონფლიქტი

ბაშარ ალ-ასადი: საფრანგეთმა და აშშ-მ მტკიცებულებები უნდა წარადგინონ

ბაშარ ალ ასადი
Benoit Tessier / Reuters

ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, ამბობს, რომ ნებისმიერმა, ვინც ბრალს სდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

 "ჩვენ ვთხოვეთ აშშ-სა და საფრანგეთს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარედგინათ. ობამამ და ოლანდმა ვერ შესძლეს ეს, თუნდაც თავიანთი ხალხის წინაშე. არაფერს ვამბობ იმაზე, ფლობს თუ არა სირიის ჯარი მსგავს იარაღს. მოდით ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ჯარს სურს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება: შესაძლოა თუ არა მან ეს იარაღი გამოიყენოს იმ ადგილას, სადაც ჯარი დგას და სადაც თვით ჯარისკაცები დაშავდნენ ამ იარაღით, როგორც ეს აღნიშნეს გაეროს ინსპექტორებმა, როდესაც მოინახულეს ისინი საავადმყოფოში?! სად არის ლოგიკა?!", - აღნიშნა ბაშარ ალ-ასადმა. 

ბაშარ ალ-ასადის თქმით, სირიის პასუხი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ჯერჯერობით არ იცის.

"ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრია და დღეს ცეცხლი უახლოვდება ამ რეგიონს. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოჰყვება პირველ დარტყმას. არავინ იცის, რა მოხდება. ყველანი დაკარგავენ სიტუაციის კონტროლის სადავეებს, როდესაც დენთის კასრი აფეთქდება. სამაგიეროდ, ქაოსი და ექსტრემიზმი მოიდგამს ფეხს.ომის საფრთხე მთელს რეგიონშია”, - აღნიშნა ბაშარ ალ-ასადმა. 

ასადმა ასევე თქვა, რომ ნებისმიერი, ვინც ხელს უწყობს ტერორისტების გაძლიერებას ფინანსური და სამხედრო კუთხით, სირიელი ხალხის მტერია. 

"ნებისმიერი, ვინც მოქმედებს სირიისა და სირიელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მტერია. ფრანგი ხალხი არაა ჩვენი მტერი, მაგრამ საფრანგეთის პოლიტიკა მტრულია სირიელი ხალხისადმი. მანამ, სანამ ეს პოლიტიკა მტრული იქნება, საფრანგეთი ჩვენი მტერი იქნება. ეს მტრობა კი მაშინ მორჩება, როდესაც საფრანგეთი შეცვლის თავის პოლიტიკას", - აღნიშნავს ასადი.

კომენტარები