იპოთეკარების პროტესტი

ხადური იპოთეკარების პროტესტზე - მთავრობას კრედიტის გაცემა აკრძალული აქვს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

დაზარალებული იპოთეკარები სასტუმრო " რედისონთან" საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ პარლამენტი მათი პრობლემის გადაჭრაზე მიმდინარე კვირას არ იმსჯელებს, "ქართული ოცნების" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსს დაკარგავს.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, კანონმდებლობით, მთავრობას კრედიტის გაცემა აკრძალული აქვს.  მისი თქმით, კეთილი საქმეები უკანონოდ არ კეთდება.

"არსებობს აღსრულების სამსახური და მას აქვს უფლება,  აღსრულების პროცედურა 6 თვით გადაავადოს ყოველგვარი ზედმეტი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე. მთავარია, ეს პერიოდი იქნება თუ არა საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც 15 ან 20-წლიანი ძალიან მძიმე ისტორია აქვს", - აღნიშნა ხადურმა და დასძინა, რომ ეს პრობლემა ორმხრივ განხილვას საჭიროებს. 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით კი, დაზარალებული იპოთეკარებისთვის ვალების პატიების შესახებ საუბარი არ არის. მისი განცხადებით,  აღსრულების ეროვნული ბიურო დაზარალებულებს საკმარის ვადას აძლევს. 

"იმაზე, რომ ამ ადამიანებს ვალები ეპატიოთ, საუბარი არ არის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ადამიანური მიდგომები გამოვიყენოთ, ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შესაძლებელი არ არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

კომენტარები