საპრეზიდენტო კანდიდატები

სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

სალომე ზურაბიშვილი
Reuters

სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მისი იურისტები  სარჩელს  სასამართლოში ხვალ შეიტანენ. მისი შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილება უკანონოა.

"ნახევარი საათის წინ მივიღე განკარგულება ცესკოსგან, რომლის მიხედვითაც,  29-ე მუხლის საფუძველზე,  საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირირებაზე უარს მეუბნებიან. ცესკოს ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უკანონოა. შესაბამისად, ამას აუცილებელად გავასაჩივრებთ. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ახლო მომავალში ვნახავთ - ვის აწყობდა ეს. კანონი ჩვენს მხარეს არის და გავიმარჯვებთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს  ელჩებთან შეხვედრაზეც დააყენებს. 

"არსებული კონსტიტუციით, სრული უფლება მაქვს, რომ  საპრეზიდენტო კანდიდატი ვიყო", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ცესკო-სგან უარი დღეს მიიღო. ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკო-ში განცხადება გუშინ შეიტანა.

 

კომენტარები