საზოგადოებრივი მაუწყებელი

ეკა კვესიტაძის "აქცენტები" წამყვანთან შეუთანხმებლად დაიხურა

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქცენტები” დაიხურა. როგორც გადაცემის ავტორი და წამყვანი ეკა კვესიტაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, არხის ახალი გენერალური დირექტორი არაერთხელ დაპირდა სამეურვეო საბჭოს, რომ “აქცენტები” გაგრძელდებოდა, თუმცა,  2 სექტემბერს პირველ არხზე გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა, რომ გადაცემა “აქცენტები” ახალ ბადეში აღარ ფიგურირებს. კვესიტაძე ფიქრობს, რომ  არჩევნებამდე ორი თვით ადრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური დებატების შეწყვეტა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჟურნალისტის შეფასებით, ეს მედიის გადანაწილების და მასზე ზეწოლის ახალ სქემაში პირდაპირ ჯდება.

"საინტერესოა ის ფაქტი, რომ რვა თვის განმავლობაში არხის დირექტორი, მხოლოდ ერთხელ, ისიც შემთხვევით ვნახე. მან რამდენჯერმე უთხრა სამეურვეო საბჭოს, რომ ჩემთან, ისევე როგორც სხვა წამყვანებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, ასეთი მოლაპარაკება არცერთხელ არ გამართულა. ჩემი ბოლო მცდელობა, მას შევხვედროდი და ჩემი გადაცემის შესახებ მკაფიო პასუხი მიმეღო, ასევე წარუმატებლად დასრულდა. ამავდროულად, გადაცემა “აქცენტების” პროდიუსერს ირაკლი ტაბლიაშვილს აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება" - ამბობს კვესიტაძე. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებია, საზოგადოების წინაშე ვალდებულება აქვს წინასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაუშვას პოლიტიკური თოკ-შოუები.

"ამის მაგივრად, არხის დირექტორისგან გუშინ ვიგებთ, რომ მაყურებელი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გაიგებს, ვინ იქნებიან პოლიტიკური გადაცემის წამყვანები. ხოლო როდის დაიწყება თავად გადაცემები, ამის შესახებ მას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია" - აღნიშნავს ეკა კვესიტაძე. 

 

კომენტარები