ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია

კობა დავითაშვილს ნარკოტიკების მოხმარებაზე კანონში ცვლილებების შეტანა სურს

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა და მისი პლენარულ სხდომაზე გატანა მიზანშეწონილად მიიჩნია.

ეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავითაშვილის მიერ მომზადებული რიგით მეორე საკანონმდებლო პაკეტია.

ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარებაზე აღარ იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუმცა,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სანქციები დარჩება. კერძოდ, ნარკოტიკის მოხმარების პირველ შემთხვევაზე გათვალისწინებულია 300 ლარი, მეორე შემთხვევაზე 600 ლარი, მესამე შემთხვევაზე კი 1500 ლარი ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს არჩევანის უფლება. თუ ის თანხმობას განაცხადებს ნებაყოფლობით მკურნალობაზე, სანქცია აღარ დაეკისრება.

"სანქციის ამოცანაა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მკურნალობისკენ წაბიძგება და არა ბიუჯეტის შევსება ჯარიმების ხარჯზე. ეს არის ცენტრისტული კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ არც ის მდგომარეობა დარჩეს რაც დღეს არის, როდესაც 11 წლიანი ციხეა ნარკოტიკის მოხმარებაზე და არც ის, რომ დეკრიმინალიზაციის ნაცვლად ნარკოტიკების ლეგაზილაცია მოვახდინოთ" - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნარკოტიკულ ნივთიერებათა ნუსხაში ე.წ. სპაისების (სინთეზური კანაბინოიდებით გაჟღენთილი მცენარეული სუბსტანციები) ჯგუფიდან 230-ზე მეტი ნივთიერება მოხვდება, რომელთა გაყიდვა სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება, ხოლო მოხმარება - ადმინისტრაციული წესით.

 

კომენტარები