ეკონომიკური ამნისტია

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას ეკონომიკურ ამნისტიას სთავაზობს

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას გადასახადების შემცირებას, ახალი ეკონომიკური რეგულაციების შემოღებაზე ხუთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკურ ამნისტიასა და ბიზნესის სრულ დეკრიმინალიზაციას სთავაზობს. როგორც ბაქრაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ბაქრაძე ხელისუფლებას ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს.

"საქართველოს ეკონომიკა  რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ამ სირთულეს და კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისგან. მისი წასვლა იქნება ის გაურკვევლობა, რომელიც ნებისმიერი ბიზნესმენის თუ ინვესტორისთვის ნიშნავს როგორც მინიმუმ რამდენიმეთვიან პაუზას, სანამ ის გადაწყვეტს საქართველოში თანხის დაბანდებას და ქართულს ეკონომიკაში თანხის ჩადებას. ყველა ამ ციფრის უკან დგანან ადამიანები, დაკარგული სამუშაო ადგილები და ის ფაქტი, რომ ადამიანები იცხოვრებენ უარესად და მეტ გაჭირვებაში, ვიდრე ეს იყო აქამდე. სწორედ ამიტომ ვთავაზობ ხელისუფლებას, შევწყვიტოთ შიდაპოლიტიკური კამათი და დისპუტი იქ, სადაც საკითხი ეხება ეკონომიკას. ერთად გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც დაგვეხმარება ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში, ადამიანების დასაქმებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით კი, თუ დავით ბაქრაძეს ეკონომიკური ამნისტია უნდოდა, ოთხი წელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. 

"ბატონ დავით ბაქრაძეს მინდა ვუთხრა, რომ გაერკვეს ტერმინებში, მათ შორის ეკონომიურ ტერმინებში. მეორეც - თუ ეკონომიკური ამნისტია უნდოდა, ოთხი წელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე", - აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები