რელიგიის თავისუფლება

პრემიერმა უკანონო ეკლესიებისა და სტალინის ძეგლების დემონტაჟის პირობა დადო

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ტაბულამ პრემიერ ივანიშვილს კითხა, - მაშინ, როცა ადიგენში მინარეთის მოჭრასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ უკანონობაზე თვალს ვერ დახუჭავდა და ამით მინარეთზე სპეცოპერაცია გაამართლა, სადაც 40 ჯიპი, 200-ზე მეტი პოლიციელი, ვერტმფრენი და კრანი მონაწილეობდა, ხომ არ მიაჩნია მას შერჩევით სამართლად, როცა პარალელურად საბჭოთა დიქტატორის არაერთი ძეგლი აღდგა, არაერთი ეკლესია უკანონოდ აშენდა და შენდება - ხოლო ამაზე რეაგირება არ მომხდარა.

"რა თქმა უნდა იგივე ტიპის რეაგირება უნდა მოხდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ყველაფერი შესატყვისობაში უნდა მოვიდეს კანონთან.”

ტაბულამ დააზუსტა, იყო თუ არა ეს სიტყვები მისი დაპირება. რაზეც ივანიშვილმა განაცხადა:

”აბსოლუტურად, აბსოლუტურად ასე იქნება".

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟის პარალელურად, გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელმაც უარი თქვა მინარეთის დანგრევაზე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს მასაც საეჭვო დამთხვევად მიაჩნდა და ამით დაინტერესდა.

ტაბულამ პრემიერს ასევე კითხა, იმ პირობებში, როცა მან წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებებისგან თავშეკავების პირობა დადო, რატომ მოხდა ნაციონალური მოძრაობის წევრი და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული გამგებლის დაკავება. 

"მე ვთქვი, რომ მაქსიმალურად თავს შევიკავებდით, მაგრამ თუ რაღაც ხდება, სტრუქტურებს ვერ გავაჩერებთ, რეაგირება უნდა იყოს.. მე მითხრეს, რომ ძიება მიმდინარეობდა და დაკავება იყო დამთხვევითი, მაგიტომაც მოვიკითხე და პასუხიც ასეთი იყო. საერთოდ მინდა გავაკეთო განმარტება, იდეალურად ვერ იქნება ვერც დღეს და ვერც ხვალ, დასავლეთშიც მიდის პროცესები და საზოგადოებები იხვეწებიან, ჩვენც თუ ამ დონეზე დავრჩებით, რომ სადღაც სოფელში სტალინის ძეგლი დგას და რეაგირება არ მოხდა, რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აბსოლუტურად გეთანხმებით, მე სოლიდარული ვარ თქვენს კითხვებთან" - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები