BATUMI SUMMER SET FEST 2013

BATUMI SUMMER SET FEST 2013 თბილისში დაიხურება

ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013 20 სექტემბერს თბილისში დაიხურება. ძლიერი შტორმული ქარის, წვიმისა და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო გადადებული ფესტივალის ბოლო დღე, ორგანიზატორების ინიციატივით, თბილისში, ლისის ტბის სიახლოვეს, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე (ფერმწერთა ქუჩის 103) გაიმართება. ივენთზე ქართველი არტისტები VAKO KEY & VAKO T; MAO & THE MINS; GIO SHENGELIA & SIKHA და FAITHLESS (1995 წელს ჩამოყალიბებული პროექტი, 6 ალბომითა და 15 მილიონზე მეტი გაყიდული სტუდიური ჩანაწერით. პროექტის ორი წევრი - კრეატიული Sister Bliss და სახე, რეჩიტატივი Maxi Jazz აგრძელებენ პერფომანსების სერიას) მელომანების წინაშე წარდგებიან. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „მთვრალი ალუბალი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფესტივალი ინფრასტრუქტურის მხრივ, მზად იყო წვიმისთვის, თუმცა 24 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი ფორსმაჟორი იყო.

„იმისთვის, რომ ფესტივალი შემდგარიყო, ორგანიზატორებმა ის თბილისში გადმოიტანეს. BATUMI SUMMER SET 2013-ის მთავარი ჰედლაინერი, ჯგუფი FAITHLESS დაგვთანხმდა ხელმეორედ ჩამოვიდეს საქართველოში“ - აცხადებენ ორგანიზატორები და აღნიშნავენ, რომ ბილეთის ფასი უცვლელია. ივენთზე დასწრება თბილისში 35 ლარი ღირს. ბილეთები 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში გაიყიდება. ყველას, ვისაც უკვე აქვს ნაყიდი ბილეთი ან აბონემენტი, ივენთზე დასწრება მისი საშუალებით შეეძლება.

„ყველას, ვინც შეიძინა 24 აგვისტოს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი და თანხის დაბრუნება სურს, 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. (ეს წესი არ ვრცელდება სამდღიან აბონემენტებზე!) ყველას, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, შეუძლია ფოსტით გამოაგზავნოს 24 აგვისტოს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი და ანგარიშის ნომერი და დაიბრუნოს გადახდილი თანხა. (ვაჟა ფშაველას 16, შ.პ.ს. “EMG. მთვრალი ალუბალი“)“ - აცხადებენ ორგანიზატორები.

მუსიკალური ფესტივალი BATUMI SUMMER SET 2013 ბათუმის საოცრებათა პარკში 22 აგვისტოს გაიხსნა. ელექტრონული ფესტივალი ბოლო, მესამე დღეს უამინდობის გამო გადაიდო.

კომენტარები