ევრაზიის კავშირი

გიორგი თარგამაძე ევრაზიულ კავშირზე - პრემიერი ტელევიზორსაც კი აღარ უყურებს

პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი თარგამაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი არა მხოლოდ ჩამოშორებულია ქვეყნის ყოველდღიური მართვის პასუხისმგებლობას, არამედ ტელევიზორსაც აღარ უყურებს. გიორგი თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს წარმოდგენა არა აქვს, რომ საქართველო ვერც კი დაგეგმავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას.

"როდესაც რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ პრემიერ-მინისტრი გასულია მომსახურების ზონიდან, ვგულისხმობდი სწორედ იმას, რაც დღეს მოვისმინე თავად პრემიერ-მინისტრისგან. ბატონ ბიძინა ივანიშვილს წარმოდგენა არა აქვს, რომ ქვეყანა, რომელსაც პარლამენტის გადაწყვეტილებითა და რეფერენდუმით აღიარებული აქვს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, ვერც კი დაგეგმავს პუტინის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილი აქვს ხელი შეუშალოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პარლამენტში დატოვოს მისი მანდატით მოსული და არა ხალხის ნდობით აღჭურვილი ადამიანები "ნაციონალებთან" ერთად, რომლებიც ამ ბოლო ხანებში იმდენად შეუყვარდა, რომ ქართველ ერს პოლიტიკური კულტურის ამაღლების ერთ-ერთ გაკვეთილად "ნაციონალების" მიმართ განსაკუთრებული ლოიალობის გამოვლენას სთავაზობს", - აცხადებს თარგამაძე და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს პრემიერის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პოსტის დატოვების შესახებ.

"ყოველგვარი ხუმრობისა და ირონიის გარეშე, რაც უფრო ადრე დატოვებს ის პრემიერის პოსტს მით უფრო სწრაფად დაიწყება შედარებით ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია პარტიებს შორის. უფრო სწრაფად მიეცემა მოსახლეობას შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთ მახინჯად კოჰაბიტირებულ პარლამენტს უყუროს თუ არა დარჩენილი სამი წლის განმავლობაში ან შეეგუოს საქართველოს მეოცნებე მთავრობის აბსოლუტურ უმოქმედობას და არაეფექტურობას. ქაოსი, რომელშიც შესულია მთელი ქვეყანა პრემიერ-მინისტრისაგან დისტანცირებული მართვის გამო, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, რაც უფრო მეტად გაწელავს გადადგომის ვადას პრემიერი", - აცხადებს თარგამაძე.

საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება და სწავლობს ევრაზიის კავშირის საკითხს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე პოზიცია არ აქვს.

"ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ ამ საკითხს. ჯერჯერობით, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის იქნება კარგი, რატომაც არა" - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები