თავისუფლების ქარტია

საპარლამენტო უმრავლესობა თავისუფლების ქარტიის გადახედვას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საპარლამენტო უმრავლესობა თავისუფლების ქარტიის,  იგივე ლუსტრაციის შესახებ კანონის გადახედვას გეგმავს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი, ამ კუთხით მუშაობა უკვე დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველ გუნდს სპეციალური სახელმწიფო კომისიის ამოქმედების საკითხი შეახსენა, რომლის შექმნასაც სწორედ აღნიშნული კანონი ითვალისწინებს. მისი ერთერთი ძირითადი მიზანი სსრკ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ყოფილი სსრკ-ის და "კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნების, ლენინური კომკავშირის ცეკა-ს ბიუროს წევრთა მონაცემების დადგენა და მისი რეესტრია. იმის მიუხედავად, რომ კანონი დაახლოებით სამი წლის წინ არის მიღებული, კომისია ამ დრომდე არ შექმნილა. 

"ვიცი, რომ თავისუფლების ქარტიის დებულებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. კანონის ჩანაწერი, რომელიც შსს-თან სპეციალური ორგანოს შექმნას ეხება და, რომელიც ამ კანონის აღსრულების საკითხს გააკონტროლებს, დღემდე რეალიზებული არ არის. საკითხი წინა ხელისუფლების დროსაც ღიად იყო დატოვებული და დღესაც ღიად რჩება. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ არის პრობლემები სტალინის ძეგლებთან, სხვადასხვა საბჭოთა სიმბოლოკასთან დაკავშირებით. იქნებ, მოვითხოვოთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, წარმოგვიდგინონ მათი ხედვები - თუ რამე შესაცვლელია კანონში შევცვალოთ და ეს ორგანო არ შეიქმნას, ხოლო თუკი კანონი შესაცვლელი არ არის, მაშინ წარმოგვიდგინონ ხედვები, რა ვადებში, რანაირად შეიქმნება აღნიშნული სტუქტურა", - განაცხადა კუბლაშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ დაადასტურა, რომ კანონში ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს და საკითხი მომავალში მსჯელობის საგანი იქნება.  პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით კი, "თავისუფლების ქარტია" თავიდან არის დასაწერი და ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, "უკეთესია ამ დოკუმენტისთვისაც და ბევრი სხვა რამისთვისაც". 

 

კომენტარები