ტელეკომპანია მაესტრო

media.ge: „მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა ტაბატაძეს შესთავაზეს

Media.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა ტაბატაძეს შესთავაზეს. „მაესტროს“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის ილია (ბაჩო) კიკაბიძის თქმით, ნიკა ტაბატაძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„ნიკა ტაბატაძისგან დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს, ამ დღეებში გვეცოდინება. მისი კანდიდატურა იმიტომ შეირჩა, რომ კარგი მენეჯერია“, - განაცხადა კიკაბიძემ და აღნიშნა, რომ ტელევიზიაში თავად სხვა ფუნქციებს შეასრულებს.

ნიკა ტაბატაძე კი, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

„არავითარი კომენტარი. ჯერ არ დავნიშნულვარ“, - უთხრა მან media.ge-ს.

ნიკა ტაბატაძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი იყო, 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ტაბატაძე პოსტიდან 2006 წელს გათავისუფლეს. ეს ფაქტი ჟურნალისტთა ნაწილმა მედიაზე ზეწოლად შეაფასა და პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. ამის შემდეგ ნიკა ტაბატაძე კერძო ბიზნესში წავიდა. ამჟამად არის სს „ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა“ და შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი.

კომენტარები