ეკონომიკური პოლიტიკა

ჯაფარიძე: პრემიერის განცხადებების შემდეგ მიჭირს მიმიკური კუნთების კონტროლი

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

პარლამენტის სხდომაზე, უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა. ჯაფარიძის თქმით, დილიდან საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით და ზოგადად. ეკონომიკურ თეორიასთან დაკავშირებით, პრემიერისგან ისეთი შინაარსის ტექსტები მოისმინა, რომ ”უჭირს საკუთარი მიმიკური კუნთების კონტროლი”. 

”თითქმის ერთი წელია გასული, რაც ხელისუფლება შეიცვალა. უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა იზრდება 2.2 – 2.3%-ით, მაშინ როცა წინა წლების განმავლობაში, ანუ იმ წლების განმავლობაში რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ხელოვნურად იზრდებოდა, ის საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა. ტენდენციას რომ შევხედოთ, როგორი არის ეკონომიკური ზრდის ტემპი - 2012 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 2.8%-ით, 2013 წლის პირველ კვარტალში, 2.4%-ით და მეორე კვარტალში გაიზარდა 1.4%-ით. ანუ ეკონომიკა არა მხოლოდ კლებულობს, ანუ ეს კლების ტემპიც არის საკმაოდ სწრაფი, თუ ერთ შემთხვევაში კლება იყო 0.4% ახლა ყოველ კვარტალურად 1%-ით კლებულობს. ბოლო ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა გაიზარდა 0.6%-ით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გაჩერებულები ვართ.

მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენ მინუსში ვიყავით საერთოდ. და აი ამ ფონზე ჩვენ გვესმის პრემიერმინისტრისგან, რომ თურმე წინა წლებში ყველაფერი იყო ილუზორული. ანუ ეს ინფორმაცია ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ განთავსებული არის საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე, არამედ განთავსებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ვებ გვერდზე, არს თურმე ტყუილი და ახლა დაიწყო ეკონომიკის აღმავლობა. ჩვენ გვესმის ასევე სხვადასხვა ტიპის მითები, რომლითაც ასევე ხელისუფლება კვებავს საკუთარ ამომრჩევლებს,

რომ სინამდვილეში არანაირი პრობლემა ეკონომიკაში არ არსებობს,

რომ თვეების განმავლობაში ნაციონალები თესავენ პანიკას,

რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის, 

რომ ადრე ზრდა იყო ხელოვნურად სტიმულირებული, 

რომ სალაროს ქვითრების მაჩვენებლების მიხედვით ჩვენ წინ მივდივართ,

რომ ეკონომიკაში ხდება რაღაც სტრუქტურული გაჯანსაღების პროცესი,

რომ ბიზნესი დაგვხვდა გამოწურული, ბიზნესი დაგვხვდა გაზარმაცებული,

რომ ახლა ვერ ვხარჯავთ ფულს, იმიტომ

რომ ბიზნესები ნაციონალების ხელშია, პრემიერი ახლა ვერ ხარჯავს ფულს, რადგან კანონი უკრძალავს, ახლა წავა პოლიტიკიდან და მერე ნახეთ რამდენი დახარჯოს და ა.შ

ახლა კიდევ გაჩნდა ახალი ნარატივი, რომ ეკონომიკის ექსპერტები დასხდნენ და წერენ რაღაც ეკონომიკის განვითარების გეგმას, რომელიც ეკონომიკას გადაარჩენს. მაშინ როდესაც, ქართულ ოცნებას საარჩევნო პროგრამაში თითქმის 30 გვერდი აქვს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე დათმობილი, ანუ ეგეთი გეგმაუკვე არსებობდა და როგორც მინიმუმ ის მაინც უნდა ვაღიაროთ რომ ეს გეგმა არასწორი აღმოჩნდა. ახლა იგივე ექპსერტები სხედან და რაღაც ახალ გეგმას წერენ. მე ამის შესახებ თვითონ პრემიერსაც მივწერე ღია წერილში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეკონომიკას არავითარი დაგეგმვა არ ჭირდება, ეკონომიკის დაგეგმვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, მითუმეტეს XXI საუკუნეში, როცა ჩვენ გარშემო სამყარო სინათლის სიჩქარის ტემპით იცვლება. ეკონომიკას სჭირდება თავისუფლება და სტაბილურობის განცდა და ამის მიღწევა არის საკმაოდ მარიტივი.” - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას მართლაც სურს ეკონომიკის გაჯანსაღება, ამისთვის გასაკეთებელია ”სამი მარტივი რამ:

  1. დაწიეთ გადასახადები, ან იმ დონეზე, როგორც დაგეგმილი იყო, ან უფრო მეტად
  2. გამოაცხადეთ ამნისტია ფინანსურ ეკონომიკურ დანაშაულზე და გაუთავისუფლეთ ბიზნესს ხელ-ფეხი. მოახდინეთ ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.
  3.  და გამოაცხადეთ მორატორიუმი ეკონომიკური ხასიათის საკანონმდებლო პროექტებზე, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკაზე

ეს არის ძალიან მარტივი გზა და მე გირჩევთ რომ რაც შეიძლება მალე ეს გააკეთოთ” - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები