გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების სამინისტრო: უშანგი ჭუმბურიძე თვითდაზიანებებს იყენებდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მსჯავრდებულ უშანგი ჭუმბურიძის ადვოკატების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. სამინისტროს  მტკიცებით, ადვოკატების ვასილ მამულაშვილის და ფიქრია მახარაძის განცხადება, რომ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ჭუმბურიძე აწამეს, სიცრუეა. 

”სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დეტალურად შეისწავლეს აღნიშნული მსჯავრდებულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებულ უშანგი მიხეილის ძე ჭუმბურიძის (დაბადებული 03.04.82წ) მიმართ, რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მსჯავრდებული სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან #19 დაწესებულებაში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გადაიყვანეს. დაწესებულებაში, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, მსჯავრდებული შემოწმდა. დაწესებულებაში შესვლისას, აღნიშნულ მსჯავრდებულს ძალადობრივი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და მოცემული მომენტისათვის რაიმე სახის პრეტენზიას არ გამოთქვამდა. კონკრეტული ბრალდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დისკრედიტაციას ემსახურება და სამწუხაროდ, ბადებს ეჭვს, რომ მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები, წინასაარჩევნო პერიოდში, გარე ძალების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდება” - აცხადებს სამინისტრო და ”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე” მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მის მიერ თვითდაზიანების ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, 20, 25 და 27 აგვისტოს უშანგი ჭუმბურიძემ თვითდაზიანებები მიიყენა, ხოლო 20 აგვისტოს თვითმკვლელობა სცადა.

”თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა მცდელობის აღკვეთა დროულად შეძლეს” - აღნიშნავს სასჯელაღსრულების სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, უშანგი ჭუმბურიძემ 2010 წლის 25 ნოემბერს მუშტის სახეში დარტყმით მოკლა ტ. გ. და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლა. მსჯავრდებულისასჯელს იხდის მკვლელობისა და ქურდობის მუხლებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ კანონით, სასჯელის ვადა 3 წლით შეუმცირდა. 

"უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენლების ნიკა მემანიშვილის, ფიქრია მახარაძის და ლექსო კობიძის განცხადებით, გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარი უშანგი ჭუმბურიძე 29 აგვისტოს სასტიკად აწამეს. როგორც მათ  "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ადმინისტრაცია პატიმარს  4-5 საათის განმავლობაში აწამებდა. ადვოკატების თქმით, რამდენიმე დღეში, კვალის დაფარვის მიზნით, ჭუმბურიძე მე-8 დაწესებულებიდან, მე-19 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები