პრეზიდენტობის კანდიდატები

გიორგი თარგამაძე: ივანიშვილი ულტიმატუმებით საკუთარ ხალხს შეურაცხყოფს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ქვეყანაში მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობა არ დამთავრდა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ივანიშვილი ულტიმატუმის ენით ელაპარაკება საკუთარ მოსახლეობას, რითაც პირდაპირ შეურაცხყოფს იმ ხალხს, ვისაც არაფერი შეშლია. 

"განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ და რომლებსაც ზოგადად ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის დონე ძალიან დაბალია, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არ დამთავრდა მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობა. ამ ექსპერიმენტებით საქართველო ჩიხში შეიყვანა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ახლა უკვე ანალოგიური თუ არა, ფორმით მაინც ანალოგიური ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გონია, რომ ეს ქვეყანა არის ლაბორატორია და ჩვენ მოსახლეობა საცდელი ბოცვრები, რომელზეც ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის ცდა უნდა ჩაატარო. თუ ბატონი ივანიშვილი ნამდვილად წავა პოლიტიკიდან და დისტანცირდება ყოველგვარი მართვისგან, მაშინ, კითხვა ძალიან მარტივია. თავად ბატონი ბიძინას პრემიერობის შემთხვევაში არ უქნია ღმერთს ეს მთავრობა და პარლამენტი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ვითარება შეიქმნება თუნდაც მარგველაშვილის მთავრობის და პარლამენტის პირობებში. ამიტომაც, მისი ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი საკუთარ მოსახლეობასთან -  თუკი ჩემს შემოთავაზებულ ადამიანს არ აირჩევთ, მე ყველა ვალდებულებისგან თავისუფალი ვარო -  ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ ხალხის მიმართ, რომელსაც არაფერი შეშლია, მათ შორის არც გასულ არჩევნებზე" - აცხადებს თარგამაძე. მისივე შეფასებით,  სიმართლეს ფარდა ეხდება. პრეზიდენტობის კანდიდატი ფიქრობს, რომ  ბიძინა ივანიშვილის მიზანია ნაციონალურ მოძრაობის "გათეთრება" და მისი რეაბილიტაცია.

"ივანიშვილის მხრიდან ნაციონალურ მოძრაობასთან ასეთი შეხმატკბილებული ჟღურტულის შემხედვარეები, ყველანი ვხვდებით სინამდვილეში რა გარიგებასათანაც გვქონდა საქმე. რაც დრო გადის, "ქართული ოცნების" მომხრეებს შორისაც კი აღარ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იყო ბატონი ივანიშვილის შინაგანი დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" ელიტასთან მიმართებაში. მისი საჯარო გამოხმაურებების მიღმა დგას"ნაცმოძრაობის" სრული რეაბილიტაციის მცდელობა ", - აღნიშნა თარგამაძემ. მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის პრობლემებისადმი გულგრილობას ამჟღავნებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, მთავრობა კონფლიქტის ზონის მიმდებარე ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მიმართ ინერტულია. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს გუშინდელ პრესკონფერენციაზე სამი საათის განმავლობაში არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

"ისინი დამპყრობლების ჩაგვრის ქვეშ გმინავენ და მათ მიმართ რეპრესიები ყოველდღიურად ხორციელდება. მათ უთხრეს, თქვენ ნუ ინერვიულებთ ამ მავთულხლართებზე და საზღვრის გადმოწევაზე, სამაგიეროდ ჩვენ ისეთ რამეს გაგიკეთებთ, თქვენს ბედს საქართველოში მცხოვრები ყველა მოსახლე შენატროდესო", - განაცხადა თარგამაძემ. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში რამდენიმე დღის წინ სეტყვა იყო, რომელმაც მოსახლეობას "სიმწრით მოყვანილი მცირეოდენი მოსავალიც" გაუნადგურა, თუმცა სახელმწიფო მოხელეები ადგილზე არ ჩასულან. 

"პრემიერ-მინისტრს 15-გვერდიან წერილში ერთი სიტყვა არ უთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გასამხნევებლად. ისინი დღეს ჩვენი პოლიტიკოსების თითეულ სიტყვას ყურს უგდებენ, იმისთვის, რომ მათი პრობლემების მოგვარების იმედის მცირე ნაპერწკალი მთლიანად არ მინავლდეს. აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ ანაღვლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ბედი", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ცნობისთვის, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის დამარცხების შემთხვევაში, თავად უფრო მალე წავა პოლიტიკიდან. პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში იფიქრებს, რომ მოსახლეობა მას არ ენდობა. ივანიშვილის განცხადებით, მარგველაშვილის კრიტიკას და დამარცხებას პირად შეურაცხყოფად ჩათვლის.

"ასეთ შემთხვევაში ყველა გზა გახსნილი მექნება და უფრო სწრაფად გადავდგები პრემიერობიდან. ის, რაზეც მე მაქვს პრეტენზია, რომ კარგი ანალიზი ვიცი, სწორი ხედვები მაქვს, სწორ პროგნოზებს ვაკეთებ, აღმოჩნდება, რომ თურმე ეს დრო დასრულებულია. ისიც მეგონა,  რომ მე მაქვს ზედმეტი ნდობა საზოგადოებისგან და აღმოჩნდება, რომ თურმე ესეც არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში მე ჩავთვლი, რომ ჩემი ვალდებულებები შესრულებულია და ყველა გზა გახსნილი მექნება – სადაც მომინდება იქ ვიცხოვრებ და რასაც მენდომება იმას გავაკეთებ. აღარ მექნება ვალდებულებები. მე ვიქნები თავისუფალი", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები