უკანონო ჩანაწერები

ღარიბაშვილი: უკანონო ჩანაწერების ყველა შემკვეთი უნდა დაისაჯოს

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების საკითხზე გამოძიება დაიწყება. მისი თქმით, მთავარია, კონკრეტული დამკვეთი პირები დაისაჯონ და არა - შემსრულებლები.  როგორც ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების შემდეგ განაცხადა, საწყის ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი ანალიზი გაკეთდება, შემდეგ კი, გამოძიება დაიწყება.

"ჩვენ პირველ ეტაპზე ვაპირებთ იმის ზუსტ შეფასებას და გაანალიზებას თუ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში ასეთი უკანონო მასალების მოპოვება. ამის შემდეგ საჯარო გახდება გამოძიების დაწყება და კონკრეტული დამკვეთი პირის გამოვლენა, რომლის უშუალო დავალებითაც ხდებოდა წლების განმავლობაში აღნიშნული უკანონობის ხელშეწყობა და წახალისება", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ყველა შემკვეთი უნდა დაისაჯოს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები დღეს მოდულის შენობაში გაანადგურეს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით 110 დისკი გაანადგურდა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა.

კომენტარები