პოლიტიკა

თავდასხმა ჩანაფიქრით

დავით ბატაშვილი
0 კომენტარი

სუნ-ძის „ომის ხელოვნების" მესამე თავის სახელწოდება ჩინურიდან შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სტრატეგიული თავდასხმა", ან როგორც „თავდასხმა ჩანაფიქრით". მისი მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოზე კონტროლის დამყარებისას, ყველაზე დიდი წარმატება ისაა, როცა ამას სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე აკეთებ. სუნ-ძის მიხედვით, ამის მიღწევა შესაძლებელია მოწინააღმდეგის გეგმების და ჩანაფიქრების ჩაშლით და მისი საგარეო იზოლაციით, მოკავშირეებისგან მოწყვეტით. ეს ხერხი ყველა გაგებით ბევრად უფრო სასარგებლო და ნაკლებად ძვირადღირებულია, ვიდრე პირდაპირ ჯარით მოქმედება.

დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესი სუნ-ძის სტრატეგიის ამ პუნქტის მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს. საქართველოზე ამა თუ იმ ფორმით კონტროლის დამყარება რუსეთის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად რჩება და ამ მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს დასავლეთთან კავშირი გახლავთ. 2008 წელს სწორედ ამან შეაჩერა რუსული სამხედრო მანქანა. ეს ფაქტორი ამ როლს დღემდე ასრულებს. დასავლეთთან საქართველოს კავშირის მოშლა დღეს რუსეთის უმთავრესი მიზანია და ამისთვის საჭიროა 3 პირობის დაკმაყოფილება:

  1. ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების დანერგვა;
  2. დასავლეთთან დაკავშირებული ქართული პოლიტიკური ძალების დასუსტება და მარგინალიზაცია;
  3. დემოკრატიული პროცესის შეფერხება, დასავლური პოლიტიკური ელიტების თვალში საქართველოს, როგორც არადემოკრატიული ქვეყნის იმიჯის ჩამოყალიბება.

პირველი პირობა პროპაგანდის გზით მიიღწევა. საქართველოში დღემდე არსებული საზოგადოებრივი კონსენსუსი, საერთო ჯამში, პროდასავლურია. აღნიშნული პროპაგანდის მიზანია ამ კონსენსუსის დარღვევა და საზოგადოებრივი აზრის შეცვლა ისე, რომ პროდასავლურობა აღარ იყოს აუცილებელი წინაპირობა წარმატების იმედის მქონე ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის.

ეს პროპაგანდა ძირითადად სამი სხვადასხვა დისკურსის ფარგლებში მიმდინარეობს. საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს მოიცავს რეაქციული დისკურსი. მისი გზავნილების მაგალითებია: დასავლეთში არიან გარყვნილები, გეები, არამართლმადიდებლები, მასონები, ცდილობენ ჩვენს გადაგვარებას, სატანური ჩიპებით კონტროლს და ჩვენი სულიერების მოშლას. კიდევ ერთი დისკურსი მარქსისტულია. მისი გზავნილი წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნების, როგორც საზიზღარი კაპიტალიზმის და იმპერიალიზმის ბუდეების დახასიათებას. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ ტიპის გზავნილები გამოიყენება რუსეთის შიგნითაც, რუსულ მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ აგრესიული განწყობების შესანარჩუნებლად.

მესამე დისკურსი, პირველი ორისგან განსხვავებით, არ ინიღბება რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიით. მას შეიძლება ვუწოდოთ საერთო პრორუსული დისკურსი. მისი გზავნილებია: NATO-ში და ევროკავშირში მაინც არასდროს მიგვიღებენ, დასავლეთი არაფრით არ არის რუსეთზე უკეთესი, ტერიტორიებს მხოლოდ რუსეთზე მიბმით თუ დავიბრუნებთ და სხვა ამდაგვარი. ცოტა ხნის წინ ამ ტიპის ღია პრორუსულობა საქართველოში დევიაციად, მორალის და გონიერების ნორმების დარღვევად ითვლებოდა, მაგრამ ამჟამად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება ამის „ნორმალიზაცია", წესად დამკვიდრება. ამ მიმართულებას ეკუთვნიან ისეთი ფიგურები, როგორც ბურჯანაძე და კუკავაა, თუმცა ყველაზე გააზრებულად და მიზანმიმართულად საქართველოში პრორუსულობის ლეგიტიმაციით დაკავებულია ვალერი ხაბურძანია.

რაც შეეხება დასავლეთთან დაკავშირებული ქართული პოლიტიკური ძალების დასუსტებას, ამის ნაწილია ის აგრესია, რომელიც ღვივდება ქართული ოცნების შემადგენლობაში მყოფი ამ ტიპის ძალების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რესპუბლიკელებს, რომლებიც მიმდინარე ნეგატიური პროპაგანდის სამიზნეს წარმოადგენენ.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანია პირდაპირი აგრესია დასავლეთთან დაკავშირებული ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ასეთ აგრესიას ერთდროულად ორი მიზანი აქვს – ერთი მხრივ, ამ ძალის მაქსიმალურად დასუსტება, დემორალიზაცია და მარგინალიზაცია, მეორე მხრივ კი, თვით დემოკრატიული პროცესის მოშლა, რაც გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ჩვენს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას.

აგრესიას ორი ფორმა აქვს – რეპრესიები და ძალადობა. ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ხასიათის ქმედებები, ჯერჯერობით, ასე თუ ისე, შეზღუდულ ხასიათს ატარებს, მაგრამ სამივე ზემოხსენებული დისკურსის წარმომადგენლები მოითხოვენ რეპრესიებს მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მიმართ. „რეჟიმის გასამართლება" (როგორც ვარიანტი – „პოლიტიკური გასამართლება") პირზე აკერიათ ლევან ვასაძესაც, მარქსისტებსაც, ბურჯანაძესაც, კუკავასაც, კიტოვანსაც და ნანა კაკაბაძესაც. საინტერესოა, როგორ აყალიბებენ ზუსტად ერთნაირი შინაარსის გზავნილს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისგან თითქოს ძალიან განსხვავდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მიზანია ქართულ საზოგადოებაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ რეპრესიების იდეის პოპულარიზაცია. თუ საბოლოო ჯამში ხელისუფლება გაზრდის რეპრესიების მასშტაბს, მით უმეტეს, თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება სერიოზული საუბარი მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე, დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება.

ძალადობას რაც შეეხება, ის გამოიხატება ფიზიკურ თავდასხმებში ნაციონალური მოძრაობის წევრ პოლიტიკოსებზე და მხარდამჭერებზე. ამავდროულად, მიმდინარეობს ძალადობის პროპაგანდა საინფორმაციო სივრცეში. თუკი ამ მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, ფიზიკური თავდასხმების მცდელობები უფრო ხშირ და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, ვითარება შეიძლება ვეღარ დარჩეს დემოკრატიულ ჩარჩოში. შედეგად კი მივიღებთ ყველა იმ ზემოხსენებული პირობის დაკმაყოფილებას, რაც აუცილებელია ჩვენსა და დასავლეთს შორის კავშირის დასაზიანებლად.

პროდასავლური ძალების დასუსტებისა და საქართველოს არადემოკრატიული იმიჯის ჩამოყალიბების გარდა, პოლიტიკურ აგრესიას მესამე შედეგიც ექნება – ზოგადი პოლიტიკური დესტაბილიზაცია. საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება ამ საფრთხეს წარმოშობს. მას დამატებით ზრდის პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება და ეკონომიკა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლების პირობებში აშკარად დაცემულია საქართველოს „იმუნიტეტი" რუსული სადაზვერვო სამსახურების წინააღმდეგ. რაც შეეხება ეკონომიკას, სახეზეა მისი სტაგნაცია, რაც გაზრდის უმუშევრობას და გაართულებს ბიუჯეტის შესრულებას. ეს კი ბევრი ადამიანისთვის გააუარესებს ცხოვრების დონეს.

შედეგად, შეიკვრება საფრთხეების კომბინაცია, რომელიც საქართველოსთვის ძალიან სარისკო ვითარებას შექმნის. დიპლომატიური იზოლაცია; ეკონომიკური პრობლემებით გაწბილებული მოსახლეობა; პოლიტიკური არასტაბილურობა სიძულვილის გაღვივების და ძალადობის ფონზე; უსაფრთხოების სფეროში ხარვეზების შედეგად თავისუფლად მოქმედი რუსული აგენტურა – ასეთი გარემო იდეალურია საიმისოდ, რომ რუსეთმა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ის მიმართულება მისცეს, რომელსაც სასურველად ჩათვლის. მაგალითად, შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას ვინმე ახალი ქარიზმატული „გმირი", რომელიც დაარწმუნებს ხალხს, რომ მხოლოდ მას შეუძლია დაამყაროს წესრიგი, დაასაქმოს ხალხი, შეგვინარჩუნოს სულიერება და, საერთოდ, გადაარჩინოს სამშობლო. მასთან ერთად კი იქნება შემოთავაზებული ზოგადი გამოსავალიც – უარის თქმა ინტეგრაციაზე გარყვნილ დასავლეთთან, რომელმაც ამ უბედურებამდე მიგვიყვანა და რუსეთთან დაახლოება. ამ პროცესის თანმხლები ლოზუნგები, რა თქმა უნდა, იქნება არა იმდენად პრორუსული, რამდენადაც ნაციონალისტური, მაგრამ ვითარების არსს ეს არ შეცვლის. საქართველოს სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას ფსევდოპატრიოტული შეფუთვა ექნება. და, რაც მთავარია, ყოველივე ეს მოხდება „ჩვენივე", ანუ საქართველოს მოქალაქეების ხელით.

დღევანდელი მდგომარეობით, ამ საფრთხეების რეალიზება სულაც არაა გარდაუვალი. მაგრამ, ამავე დროს, ამის სავსებით რეალისტური რისკი არსებობს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია:

  • თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც საქართველოს დიპლომატიურ იზოლაციაში მოაქცევს;
  • შეაჩეროს პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის და ფიზიკური ძალადობის წახალისება და მკაცრად აღასრულოს სამართალი ასეთი ძალადობის შემდგომი მცდელობების შემთხვევაში;
  • მიხედოს თავის ქმედებებს და რიტორიკას, რათა საქართველომ ისევ მოიზიდოს ინვესტიციები და ჩვენმა ეკონომიკამ განაახლოს ზრდა;
  • "პოლიტიკური დევნილების" სტატუსით გათავისუფლებული აგენტების და საქართველოში თავისუფლად მოძრავი კოლექტიური კიტოვან-ჩახალიანების მიუხედავად, არ დაუშვას ქვეყანაში ვითარების გაუარესება უსაფრთხოების თვალსაზრისით.

თუ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს და ყველა ამ სფეროში ვითარება სულ უფრო გაუარესდება, კრიზისი გარდაუვალი გახდება. და ეს კრიზისი საფრთხეში ჩააგდებს იმათ უმეტესობას, ვინც ამჟამად პოლიტიკითაა დაკავებული. იმის მიუხედავად, მთავრობაშია თუ ოპოზიციაში. ისევე, როგორც მთლიანად საქართველოს და მის მოსახლეობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები