რუსეთი

რუსეთი ჩვენი მეზობელია!

ზაზა ბიბილაშვილი
0 კომენტარი

Умом Россию не понять,
Аршином общим не измерить:
У ней особенная стать —
В Россию можно только верить.

უნდა ვაღიარო, რომ რუსეთის იმედი ყოველთვის მქონდა. მაშინაც, როცა ივანიშვილი გვარწმუნებდა, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება ურთიერთობის სტილისა და რიტორიკის შეცვლით იყო შესაძლებელი. მაშინაც, როცა მჭევრმეტყველი ოლიგარქი საქართველოს მთავრობაში მოსკოვისთვის სასურველ ფიგურებს აბრუნებდა. მაშინაც, როცა ქართული ოცნება დასავლური იდეის მცოცავ დისკრედიტაციას ახდენდა ასავალ-დასავალის სამაგალითო გაზეთად მოხსენიებით, ტერორისტებისა და რელიგიური ექსტრემისტების პოლიტპატიმრად შერაცხვით, 8 თებერვლებით, 17 მაისებით, ირმა ინაშვილისებრთა და მალხაზ გულაშვილისებრთა ლეგიტიმაციით.

რუსეთის იმედი არ დამიკარგავს, როცა მსოფლიოს გამაოცებელმა ხელისუფლებამ ყველა რენეგატისა და აქტიური კოლაბორაციონისტის რეაბილიტაცია მოახდინა, მკვდრეთით აღადგინა რა ნუგზარ ფოფხაძე, თენგიზ კიტოვანი, კახა თარგამაძე, სოსო ალავიძე, ვალერი ხაბურძანია, კოკა ყანდიაშვილი და სხვები, ვის გამოც 2003 წლამდე საქართველო რუსეთის იმპერიის ბნელი გარეუბანი – ერთი ჩამორჩენილი, კორუმპირებული, კრიმინალური ჩიხი იყო.

რუსეთის იმედს არც მაშინ დავუტოვებივარ, როცა გამომწვევი ცინიზმით „რეინტეგრაციის მინისტრად" წოდებული პაატა ზაქარეიშვილი საქართველოსთვის ცალსახად საზიანო ცვლილებებს ლობირებდა ოკუპაციის კანონში, აგრესიული უმრავლესობის ორგანიზებული დახმარებით.

არც მაშინ შემპარვია რუსეთში ეჭვი, როცა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდა და თბილისიდან ჩრდილოეთით მიმავალი „საქართველოს სამხედრო გზის" გამალებული რეაბილიტაცია დაიწყო.
გაგიკვირდებათ, მაგრამ არც მაშინ ავღელვებულვარ, როცა ვინმე ონიშჩენკოს მოთხოვნით ამერიკულ ლაბორატორიას ვხურავდით, ან როცა საქართველოსთვის მანამდე არნახული ზრდით გაწამებულმა ბიზნესმა ისეთი შვებით ამოისუნთქა, რომ აგერ უკვე ერთი წელი სრულდება, ჩასუნთქვა ვეღარ მოუხერხებია.

რუსს არ ჰყოფნის, რომ მას დანებდე – მას სჭირდება, დაუჩოქო. არადა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რუსეთს მხოლოდ მინიმუმი მოეთხოვება – მისცეს საშუალება ივანიშვილის მთავრობას, დათმობები მოჩვენებითი ღირსების შენარჩუნებით განახორციელოს.

რუსეთის იმედი კიდევ უფრო გამიმყარდა, როცა ივანიშვილის თეზისზე, რომ კულტურული და სავაჭრო ურთერთობების „აღდგენით" საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხების მოგვარებაც შეიძლებოდა, მედვედევმა არაორაზროვნად უპასუხა, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა სხვაა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა – სხვა.

ხოლო როცა ამ ყველაფრის მერე, ვლადიმირ ვლადიმირის ძე დემონსტრაციულად ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა სოჭში, პრეზიდენტობის ორენოვან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არცთუ ისე „რანიმი" კანდიდატს ისღა დარჩენოდა, ეთქვა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ წამოეგებოდა პროვოკაციას და ჯიუტად განაგრძობდა სირაქლემასავით თავის ქვიშაში (ბოდიში მომითხოვია და) ჩარგვას...

საქართველოს მთავრობის ცალმხრივი და, ხშირად, აუხსნელი დათმობები რუსეთის მიმართ თითქოს საგანგაშო უნდა ყოფილიყო – ეს ყველაფერი ხომ ქართული ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომლის განჭვრეტაც ნებისმიერი საშუალოდ გონიერი ადამიანისთვისაც წინასწარ იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყოველთვის მაქვს ერთმორწმუნე, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი დიდი მეზობლის იმედი და ვიცი, რომ ის არ დამაღალატებს.

კომპლექსები ძნელად იკურნება, მით უფრო, თუ არც ცდილობ მათ განკურნებას. იმპერიის რღვევის ფინალურ სტადიაზე მყოფი რუსეთი ჯერაც ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში და ისევ იდენტობის ძიებაშია. მას აღარ ჰყოფნის დემოგრაფიული, ინტელექტუალური და მორალური რესურსი, რომ იმპერიად დარჩეს, მაგრამ ჯერ არც ეროვნულ სახელმწიფოდ ქცეულა. მას აქვს სურვილი, მაგრამ აღარ აქვს ერექცია. ეს აბოროტებს.

რუსეთის პოლიტიკური მენტალობა მე-19 საუკუნის ანაქრონისტულ რეალპოლიტიკაშია ჩარჩენილი. რუსეთის პოლიტიკური კლასი, უმნიშვნელო გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ვერ აზროვნებს „win-win" პრინციპით. ის მხოლოდ ნულოვანშედეგიანი თამაშის წესებს აღიარებს. ამ წესებით კი წარმოუდგენელია სცენარი, რომელშიც ორივე მხარე კმაყოფილი რჩება.

რუსეთს უნდა, უყვარდეთ და პატივს სცემდნენ, მაგრამ ვერ ხვდება, რომ მისი ქცევა სიყვარულს და პატივისცემას არ იმსახურებს. რუსეთს უნდა, რომ საქართველო არ ილტვოდეს NATO-სკენ, მაგრამ ვერ ხვდება, რომ თავადაა საქართველოს ამგვარი ლტოლვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ჯერ კიდევ როდის ამბობდა ქართული პოლიტიკის კოლორიტი ნოდარ ნათაძე – სჯობს გაგაუპატიურონ, ვიდრე მოძალადეს თავად ჩაუგორდე ლოგინშიო. ძალადობის მსხვერპლი ხომ თანაგრძნობასა და თანადგომას იმსახურებს, მეძავისთვის კი მეძავობა თავისუფალი არჩევანია – მას არავინ ესარჩლება. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ რუსეთთან მიმართებით ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა – აქაოდა, დათვი მაინც მოგვერევაო და აგერ უკვე ერთი წელია ბაბაიას უძახის, მაგრამ – მადლობა ღმერთს! – რუსეთს საქართველოსთან დაწოლა არ აკმაყოფილებს. რუსეთს აქვს ავადმყოფური მოთხოვნილება, მასთან საკუთარი ნებით დამყოლი პარტნიორიც კი დაამციროს და გააუპატიუროს (გავიხსენოთ ბელარუსი, ყაზახეთი და ახლა უკვე უკრაინაც). რუსეთს ისეთი საქართველო უნდა, რომელიც თავზე (მძიმე) ნაცარს დაიყრის და ისე შეეხვეწება მონობაში დაბრუნებას. რუსს არ ჰყოფნის, რომ მას დანებდე – მას სჭირდება, დაუჩოქო. არადა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რუსეთს მხოლოდ მინიმუმი მოეთხოვება – მისცეს საშუალება ივანიშვილის მთავრობას, დათმობები მოჩვენებითი ღირსების შენარჩუნებით განახორციელოს (სხვა თუ არაფერი, მოჩვენებითი ღირსების მოთხოვნილება ამ ადამიანებს სწორედ რუსულ-საბჭოთა წარსულმა ჩაუნერგა). მაგრამ რუსეთის კომპლექსები იმდენად ღრმაა, რომ ის ამ მინიმუმსაც ვერ ახერხებს. აკი ამბობდა ცნობილი რუსი პოეტი და შოვინისტი ფიოდორ ტიუტჩევი, რუსეთს გონებით ვერ შეიცნობო...

სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა აგუტინისა და ვარუმის კონცერტებზე მოსიარულე, კრემლის სცენაზე მოცეკვავე, რუსული ბაზრისა და „ერთმორწმუნეობის" იმედად მყოფ ქართველთა გონიერების იმედს ვკარგავ, რუსეთის იმედი არასდროს მტოვებს: რაც არ უნდა გვინდოდეს, ის ცოცხლად მაინც არ მიგვიღებს. განწირულები ვართ თავისუფლებისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები